ITB China-ზე დაინტერესება საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით საქართველოს MICE სექტორის მიმართულებით - ნინო ხაჩიძე
შანხაიში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე ITB China 30-მდე ქართული კომპანია იყო წარდგენილი. გამოფენის ფარგლებში ქართულმა კერძო სექტორმა ათასზე მეტი შეხვედრა გამართა უცხოელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.
ITB China 2026-ზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენის მნიშვნელობაზე საუბრობს Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტმენტის ხელმძღვანელი ნინო ხაჩიძე. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ITB China-ს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი. ეს ღონისძიება საშუალებას გვაძლევს, შევხვდეთ ჩვენს ძველ, საიმედო ბიზნესპარტნიორებს, დავამყაროთ ახალი საქმიანი ურთიერთობები და მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ვიზიტორი. ITB China-ზე დაინტერესება საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით საქართველოს MICE სექტორის მიმართულებით“-აცხადებს ნინო ხაჩიძე.
ITB China-ზე 3 დღის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაციები და შეხვედრები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.
სხვა სიახლეები
Le Figaro: „საქართველო - ემოციების ისტორია“
08.06.2026.13:47
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის ბაზარზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები რეიტინგულ ფრანგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა.
საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა Le Figaro სტატიაში, სათაურით „საქართველო - ემოციების ისტორია” (La Géorgie, une histoire d’emotions), ქვეყანას აღწერს, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე უნიკალური დანიშნულების ადგილს, რომელიც მოგზაურებს საოცარი ბუნებრივი მრავალფეროვნებით, კულტურული მემკვიდრეობითა და ღირსშესანიშნაობებით ხიბლავს.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს და დაცულ ტერიტორიებს ეთმობა, აღნიშნულია ქვეყნის გამაჯანსაღებელი და ველნეს ტურიზმის პოტენციალი, მრავალრიცხოვანი მინერალური წყაროები და თერმული კურორტები.
Le Figaro-ს სტატია მკითხველს ვრცლად აცნობს საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ დამწერლობას, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქართულ ძეგლებს - მცხეთას, გელათის მონასტერს, სვანურ კოშკებს. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოში მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია და ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია. ასევე ადგილი ეთმობა მდიდარ ქართულ კულინარიას, სტუმართმოყვარეობის სიმბოლოს - ტრადიციულ სუფრას და თამადის ინსტიტუტს.
ცივილიზაციის საწყისებთან საქართველოს მჭიდრო კავშირს გავლენიანი ფრანგული გამოცემა ასე აფასებს: „ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პური და ღვინო, ადამიანის სოფლის მეურნეობის და, შესაბამისად, ჩვენი ცივილიზაციის საფუძველი ქართული წარმოშობისაა. კიდევ უფრო მეტი მიზეზია, პატივი მივაგოთ მათ, თუნდაც, სიმღერით, რატომაც არა? მომხიბვლელი პოლიფონიური ქართული სიმღერით ტკბობით, რომელიც ხშირად სუფრის დასასრულს ალამაზებს და სტუმრებს აღაფრთოვანებს. ყველა ეს ემოცია - საქართველოა...“
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Le Figaro-სა და სხვა მაღალრეიტინგულ ევროპულ მედიასაშუალებებში საქართველოს პოზიციონირება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ცნობადობას ევროკავშირის სტრატეგიულ ბაზრებზე და ხელს უწყობს მაღალმხარჯველობითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.