ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგენა საქართველოს მიმართ ჩინელი ტურისტების ინტერესს მნიშვნელოვნად გაზრდის - ბექა სილაგავა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ITB China 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილე ქართულ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ტურისტული სააგენტო „გამარჯობა ჯორჯია ტურსის“ წარმომადგენლის, ბექა სილაგავას შეფასებით, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩინეთის ბაზარი საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის დამატებითი შესაძლებლობებს ქმნის.
„ჩინეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო ბევრი ფრენა აღარ სრულდება. რაც შეეხება შანხაიდან პირდაპირი ფრენების დაწყებას, აღნიშნული შეავსებს იმ დანაკლისს, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს. ამასთან, შანხაის ფრენები საქართველოს ასევე დააკავშირებს ისეთ ბაზრებთან, როგორიცაა სინგაპური, მალაიზია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, რაც ახალ ტურისტულ შესაძლებლობებს შექმნის,“ - აღნიშნავს ბექა სილაგავა.
რაც შეეხება გამოფენაში პარტნიორის სტატუსით წარდგენას, ბექა სილაგავას შეფასებით, ასეთი ფორმატი საქართველოს სტენდის მიმართ საერთაშორისო ინტერესსა და ვიზიტორთა ჩართულობას მნიშვნელოვნად ზრდის. “როდესაც საერთაშორისო გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით ხარ წარდგენილი, შენს სტენდზე გაცილებით დიდი ყურადღებაა, უფრო ბევრი ხალხი მოდის, უფრო დიდი დაინტერესებაა, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ როგორც ჩინელები, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც დაინტერესდებიან. ყველაზე მეტად აქცენტირებული ღონისძიებები იმ სტენდთან მიმდინარეობს, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ვინც არის წარდგენილი” - განმარტა ბექა სილაგავამ.
წელს შანხაიში, აზიის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე, ITB China 2026-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენასა და აზიის ბაზრიდან ტურისტული ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურს მეოთხედ უმასპინძლებს
29.10.2026.18:13
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ორგანიზებით, 2027 წლის 20-26 თებერვლის ჩათვლით, სვანეთში, კურორტ თეთნულდზე, ფრირაიდის მსოფლიო ტური გაიმართება. შეჯიბრების კონკრეტული დღე ამინდისა და თოვლის პირობებიდან გამომდინარე გადაწყდება.
საქართველო მეოთხე წელია ფრირაიდის მსოფლიო ტურის კალენდარშია და კვლავ იმ ექვს ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა, რომლებიც მსოფლიოს გამორჩეულ ფრირაიდერებს მასპინძლობენ. 2027 წლის სეზონზე ტურის ეტაპები ესპანეთში, საფრანგეთში, საქართველოში, ავსტრიაში, აშშ-სა და შვეიცარიაში ჩატარდება. საიუბილეო, მე-20 სეზონზე 53 სპორტსმენი თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალში, ქალებისა და კაცების ოთხ კატეგორიაში, ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
საქართველომ ფრირაიდის მსოფლიო ტურს პირველად 2024 წელს უმასპინძლა. საერთაშორისო კალენდარში დამკვიდრებამ მესტიისა და თეთნულდის, როგორც ფრირაიდის მიმართულების, ცნობადობის ზრდას შეუწყო ხელი. საქართველოს მთების ბუნებრივი რელიეფი და გაუკვალავ თოვლში სრიალის შესაძლებლობები ქვეყანას ამ სპორტის მოყვარულებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს.
საქართველოში მსოფლიო ტურის მასპინძლობა მნიშვნელოვანია ზამთრის სპორტისა და სამთო ტურიზმის განვითარებისთვის. ღონისძიება ქვეყნის შესაძლებლობებს საერთაშორისო აუდიტორიას აცნობს და ხელს უწყობს სვანეთის, როგორც სათხილამურო და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულების, პოპულარიზაციას.
ფრირაიდი ბუნებრივ, რთულ მთიან რელიეფზე, გაუკვალავ თოვლში თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალს გულისხმობს. მსოფლიო ტური 2008 წლიდან ტარდება. 2022 წლის დეკემბრიდან FWT საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) ნაწილია. 2026 წლიდან კი ფრირაიდი პირველად შევიდა ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში. მისი ოლიმპიური დებიუტი 2030 წელს, საფრანგეთის ალპებში გაიმართება.