„ლოპოტა სპა რეზორტში“ საზაფხულო სეზონი სტაბილურად მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში საზაფხულო ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორის, მაკა ღლიღვაშვილის ინფორმაციით, სასტურმო კომპლექსში, ტრადიციულად, მაღალი დატვირთულობა ფიქსირდება. ივლისის თვეში საშუალო მაჩვენებელმა 90%-ს მიაღწია.
როგორც მაკა ღლიღვაშვილი აღნიშნავს, წინასწარი ჯავშნების მიხედვით, აგვისტოს თვის დატვირთულობა უკვე 80%-მდეა. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური ვითარების ფონზე, სულ უფრო მკვიდრდება ბოლო წუთებში დაჯავშნის ტენდენცია, დატვირთულობის საბოლოო მაჩვენებელი, მოსალოდნელია, კიდევ უფრო გაიზარდოს.
მაკა ღლიღვაშვილი მიმდინარე სეზონზე საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციაზე ამახვილებს ყურადღებას. „ამ სეზონზე ვხედავთ უფრო დივერსიფიცირებულ ბაზრებს, ვიდრე იყო წინა წლებში. შიდა ტურისტების გარდა, ჩვენ გვყავს სტუმრები ისრაელიდან, გალფის ქვეყნებიდან. ევროპიდანაც არის ზრდა, მათ შორის ბრიტანეთიდან, და მთლიანობაში, ჩვენი სასტუმროს საერთაშორისო სტუმრების ეროვნული შემადგენლობა წელს გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე წინა წლებში.“ - აღნიშნავს „ლოპოტა სპა რეზორტის“ წარმომადგენელი.
სხვა სიახლეები
„ქართული კულინარიული მემკვიდრეობისა და ტრადიციების ნამდვილი დღესასწაული“ - სამოგზაურო ჟურნალი Wanderlust საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიული ფესტივალის „გემოფესტის“ შესახებ წერს
06.11.2026.16:06
პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო გამოცემა Wanderlust-მა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიულ ფესტივალს - „გემოფესტს“ სტატია მიუძღვნა. გამოცემის შეფასებით, გასტრონომიული ფესტივალი, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლიდან ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ატარებს, „ქართული კულინარიული მემკვიდრეობისა და ტრადიციების ნამდვილი დღესასწაულია".
მასალა სათაურით „გემოფესტი - თქვენი პირადი გზამკვლევი ქართველი ხალხისა და ქართული კულინარიის აღმოსაჩენად“ მკითხველს საქართველოს რეგიონულ კულინარიულ ტრადიციებზე, ადგილობრივ კერძებსა და მეღვინეობის კულტურაზე მოუთხრობს.
პუბლიკაციაში აღწერილია საქართველოს სხვადასხვა მხარის კერძები: სვანური კუბდარი და თაშმიჯაბი, აჭარული ხაჭაპური და სინორი, მეგრული ხაჭაპური, მესხური ამბარი, თუშური ტრადიციული კერძები და სხვ. ავტორი განსაკუთრებით აღნიშნავს ფესტივალის მთავარ ფასეულობას - ადამიანებს, რომლებიც ადგილობრივ კულინარიულ ტრადიციებს ინარჩუნებენ და აცოცხლებენ.
„გემოფესტის ინოვაციური გასტრონომიული ფესტივალის ყურადღების ცენტრში ადგილობრივი კერძები და ის ადამიანები არიან, რომლებზეც დგას მსოფლიოში განთქმული ქართული სამზარეულო“ - აღნიშნულია სტატიაში. პუბლიკაციის მიხედვით, ფესტივალი სტუმრებს აცნობს არა მხოლოდ ადგილობრივ გემოებსა და ღვინოებს, არამედ უნიკალურ ისტორიებსა და ტრადიციებს პირადად ადგილობრივი შეფ-მზარეულებისგან, მეღვინეებისგან, ხელსაქმის ოსტატებისა და საოჯახო მეურნეობებისგან.
სტატიაში საუბარია ფესტივალის კულტურულ პროგრამაზეც, რომელიც მოიცავს როგორც ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ცეკვებს, ისე მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების თუ დიჯეების მონაწილეობით გამართულ საღამოებს.
ჟურნალ "Wanderlast"-ის ნომერი, რომელშიც გემოფესტის შესახებ სტატიაა გამოქვეყნებული, ლონდონში World Travel Market 2026 ვიზიტორებს დაურიგდათ. მასშტაბურ, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მისი გავრცელება საქართველოს უნიკალურ გასტრონომიულ პოტენციალს საერთაშორისო ტუროპერატორებსა და ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებს აცნობს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს გლობალურ ბაზარზე ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყნის გასტრონომიული მიმართულების პოპულარიზაციას.