მაღალი კონკურენციის მიუხედავად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა ინდოეთიდან ტურისტები მოიზიდოს - ჯემალ ინაიშვილი
„თბილისის დრაი პორტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი, Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ინდოთი საქართველოსთვის სხვა და სხვა მიმართულებით საინტერესო ქვეყანაა, მაგრამ ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც შესაძლოა, უფრო სწრაფად განვითარდეს, არის ტურიზმი.
„ვფიქრობ, ჩვენთვის ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანაა ინდოეთი. ავიაკომპანია „ინდიგო“ ნიუ-დელიდან სამჯერ დაფრინავს საქართველოს მიმართულებით. იმედია, რომ ფრენა ახლო მომავალში ყოველდღე განხორციელდება.
ინდოეთში საშუალო ფენა 30%-ია. ყოველწლიურად საშუალო ფენა ამ ქვეყანაში 6%-ით იზრდება, ამდენითვე, იზრდება ეკონომიკა. ინდოეთიდან საქართველოში ფრენას 4 საათი სჭირდება. ინდოელი ტურისტი ჩვენთვის მიმზიდველია იმ კუთხითაც, რომ მათ უყვართ გართობა, ღვინო...მხარჯველი ტურისტია. ჩვენ გვჭირდება დივერსიფიცირება ტურისტული ბაზრების.
კარგად განვითარდა ტურიზმი, რომელიც ეხება სპარსეთის ყურის ქვეყნებს. შესაბამისად, ამას თუ ინდოეთი დაემატება, ძალიან კარგი იქნება. ინდოელები ინგლისურად საუბრობენ, რაც კომუნიკაციას უფრო აადვილებს.
ტურიზმი იწყება საზღვრიდან, პოლიციელიდან...ბევრი შემთხვევაა, როცა ტაქსის მძღოლები ატყუებდნენ სტუმრებს, ორჯერ-სამჯერ ზრდიან ტარიფს. ასეთი ფაქტები კონტროლზე უნდა იყოს აყვანილი, რათა ქვეყნის იმიჯი არ შეილახოს“,-ამბობს ჯემალ ინაიშვილი.
მისი თქმით, ტურიზმის სფეროში მაღალი კონკურენციის მიუხედავად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა ინდოეთიდან ტურისტები მოიზიდოს.
„ჩვენ ამ სფეროში კონკურენტებიც გვყავს. ყველა ცდილობს, იგივე ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, თურქეთი, რომ ინდოელი ტურისტები მოიზიდოს. ტრანზიტით მივფრინავდი სტამბულის აეროპორტიდან და ორი ბოინგი იდგა აეროპორტში და ინდოეთიდან თურქეთში 350 მგზავრი ერთდროულად ჩამოფრინდა. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ყველა პირობა შევუქმნათ ტურისტს და მათ შორის სტრატეგიულად უნდა ავირჩიოთ ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენთვის საინტერესოა.
არ გვაქვს იმის რესურსი რომ ყველას მივწვდეთ, მაგრამ ინდოეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. სკანდინავიაა ძალიან საინტერესო. ჩემი პარტნიორები არიან ნორვეგიელები და ისინი გამოთქვამენ წუხილს, რომ პირდაპირი ფრენები არ არის ოსლოდან თბილისში. ნორვეგია უმდიდრესი ქვეყანაა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ $60-70 000-ია. საქართველოში მათთვის კლიმატური პირობების მხრივ ოთხივე სეზონი მისაღებია და იმ პროდუქტების სიიაფე, რაც ნორვეგიაში ძვირია“, - ამბობს ინაიშვილი.
სხვა სიახლეები
2026 წლის I კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 287.9 ათასით განისაზღვრა - საქსტატი
25.05.2026.11:15
2026 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 287.9 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 584.0 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 2.0 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2026 წლის I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 665.0 ათასით განისაზღვრა, რაც 6.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 36.2 პროცენტი, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.0 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 37.2 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 15.2 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.
2026 წლის I კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (54.7 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 415.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 322.4 ათასი ვიზიტი თვეში).
2026 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 273.6 მილიონი ლარით, რაც 12.9 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 7.4 პროცენტით და 172.7 ლარს გაუტოლდა.