მაისისთვის უკვე იგრძნობა ჯავშნების ზრდა - Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace
ზაფხულის ტურისტულ სეზონს თბილისში მდებარე ბრენდი სასტუმროები პოზიტიური მოლოდინებით ხვდებიან. „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის ნატალია ჩანადირის ინფორმაციით, სეზონის წინ ჯავშნების რაოდენობა გაიზარდა.
“ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. მაისის თვისთვის უკვე იგრძნობა ჯავშნების გაძლიერებული ზრდა. დატვირთულობა ნორმალურია. დაგვემატა British Airways-ის და Easyjet-ის პირდაპირი ფრენები, შედეგად ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ არამხოლოდ ბრიტანელ სტუმრებს, არამედ იმ მოგზაურებსაც ვუმასპინძლებთ, რომლებიც იყენებენ ამ ავიაკომპანიებს. მაგალითად თუ აშშ-დან ფრენის დროს ბევრი გადასხდომა სჭირდებოდათ, ამიერიდან მხოლოდ ერთხელ გადასხდომით მოუწევთ საქართველოში ჩამოსვლა. ეს ფრენები ხელს შეუწყობს, არამარტო ბრიტანელი, არამედ ამერიკელი სტუმრების რაოდენობის გაზრდას საქართველოში“-განაცხადა ნატალია ჩანადირმა.
შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის ინფორმაციით, მიუხედავად არნახული კონკურენციისა, სასტუმრო მაქსიმალურად ცდილობს ფასების შენარჩუნებას და წელს სასტუმროში ფასები არ შემცირებულა.
სხვა სიახლეები
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან სამუშაო შეხვედრა გამართა
16.07.2026.16:24
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში საქართველოს საავიაციო და ტურიზმის სექტორის საჯარო უწყებებისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა უმსხვილესი ჩინური ავიაგადამყვანის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ უმნიშვნელოვანესი ბიძგი მისცა უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, ასევე ეკონომიკური - მათ შორის საავიაციო სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი ავიარეისების დამატებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ China Eastern Airlines-ის პირველი რეისი მაქსიმალური - 98%-იანი დატვირთულობით შესრულდა. აღნიშნული პოზიტიური ტენდენცია ავიაკომპანიის მომდევნო ფრენებზეც იკვეთება, რაც ახალი მიმართულებით მგზავრთა მხრიდან მაღალ ინტერესსა და მოთხოვნაზე მიუთითებს. ამასთან, როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შანხაი-თბილისის საჰაერო ხაზი წარმოადგენს ყველაზე შორი მანძილის რეგულარულ ფრენას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ პირველ გრძელმაგისტრალურ ავიარეისს თავად China Eastern Airlines-ისთვის კავკასიის რეგიონში. მხარეთა შეფასებით, აღნიშნული ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
საქართველო-ჩინეთის საჰაერო მიმოსვლის პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, მხარეებმა შანხაი - თბილისი - შანხაის საჰაერო ხაზზე ოპერირების შემდგომი ზრდის შესაძლებლობები განიხილეს და შესაბამისი ორმხრივი ღონისძიებები დასახეს. აღინიშნა, რომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ დადგენილი ბაზარზე დაშვების მოქნილი პროცედურები, ასევე ქართული მხარის მიერ ტურისტების მოზიდვის მიზნით შეთავაზებული ხელშემწყობი აქტივობები საჰაერო მიმოსვლის შემდგომი გაფართოების მყარ წინაპირობას ქმნის.
სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მოისმინა ავიაკომპანიის სამომავლო გეგმებიც, რაც, საჰაერო ხომალდების ფლოტის ზრდასთან ერთად, საოპერაციო შესაძლებლობების გაძლიერებასა და ფრენების სიხშირის კიდევ უფრო გაზრდას ითვალისწინებს.