მესტიისა და თელავის აეროპორტების ახალი ტერმინალები ტურისტული ნაკადების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს - ლევან მოსეშვილი
მესტიისა და თელავის ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების სამგზავრო ტერმინალების მშენებლობა ქვეყნის შიგნით ტურისტული ნაკადების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება - ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აეროპორტების გაერთიანებამ ორივე აეროპორტის სამგზავრო ტერმინალების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
„აღნიშნული გამოწვეულია ქვეყანაში მზარდი ტურისტული ნაკადებითა და შიდა მგზავრთნაკადის მატებით. მესტიის აეროპორტის ტერმინალი 2010 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. დღეს კი მესტიის მიმართულებით ნაკადები იმდენად გაიზარდა, რომ არსებული ფართობი მგზავრებისთვის მეტი კომფორტის შეთავაზების საშუალებას არ გვაძლევს.
აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მესტიის აეროპორტს ახალი, თანამედროვე დიზაინისა და უფრო დიდი ფართობის ტერმინალი ჰქონდეს, რაც პოზიტიურად აისახება რეგიონის განვითარებაზე, როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკური კუთხით“, - აცხადებს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი.
ლევან მოსეშვილის თქმით, ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობით თელავის აეროპორტი ფაქტობრივად ახალ სიცოცხლეს შეიძენს.
„რაც შეეხება თელავის აეროპორტს, წლების განმავლობაში ის იყო უფუნქციო. ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობით ფაქტობრივად ახალ სიცოცხლეს ვძენთ თელავის აეროპორტს, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით მობილობას და კახეთის რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდას“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
სხვა სიახლეები
2026 წლის III კვარტალში სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი გაიზარდა როგორც თბილისში, ისე ბათუმში | Galt & Taggart
22.10.2026.21:59
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის 2026 წლის III კვარტლის შეჯამება" აქვეყნებს.
ვიზიტების დინამიკა:
2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 2.1 მლნ-ს მიაღწია, რაც წლიურად 4.7%-იანი ზრდაა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 2.8%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.
ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+16.6% წ/წ), რუსეთიდან (+4.7% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+36.2% წ/წ) ვიზიტების მატებამ განაპირობა. აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა, ისრაელიდან ვიზიტები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, რაც ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული ტურისტული შეფერხებების შემსუბუქებას და დაგროვილი სამოგზაურო მოთხოვნის რეალიზებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდანაც (+30.2% წ/წ), რასაც ხელი შეუწყო საჰაერო კავშირების გაუმჯობესებამ, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედებამ.
ამავდროულად, ვიზიტები შემცირდა თურქეთიდან (-7.4% წ/წ), სომხეთიდან (-4.0% წ/წ) და ინდოეთიდან (-25.9% წ/წ). თურქეთიდან კლება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებამ გამოიწვია, ხოლო ინდოეთიდან ვიზიტების კლება კვლავ IndiGo-ს მიერ ფრენების შეწყვეტით იყო განპირობებული. სუსტი დინამიკა შენარჩუნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, მათ შორის საუდის არაბეთიდან ვიზიტები წლიურად 32.8%-ით შემცირდა.
2026 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. საერთო მაჩვენებლის სტაბილურობის მიუხედავად, ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლნ შეადგინა, ერთდღიანი ვიზიტები კი 9.0%-ით შემცირდა და 0.9 მლნ შეადგინა.
შემოსავლები ტურიზმიდან:
2026 წლის III კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ზრდა ძირითადად რუსეთიდან (+32.3% წ/წ), ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) და ისრაელიდან (+24.8% წ/წ), ასევე უკრაინიდან (+52.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+18.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ამასთან, ვიზიტების კლების შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან (-31.9% წ/წ) და თურქეთიდან (-11.5% წ/წ).
ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.