მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ იმ სტრატეგიული ბაზრებიდან ჩამოდის, რომლებზეც ჩვენ განსაკუთრებით ვმუშაობთ - მაია ომიაძე
„ზაფხულის ტურისტული სეზონი ნამდვილად მაღალი აქტივობით გამოირჩევა და მიმდინარეობს ძალიან დიდი დატვირთულობით,“ - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. მისი თქმით, მაღალი აქტივობა შეინიშნება როგორც სასტუმროებში, ისე სხვადასხვა ტიპის ტურისტულ ობიექტებში, სადაც მრავალი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობს.
„მნიშვნელოვანია, რომ ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ იმ სტრატეგიული ბაზრებიდან ჩამოდის, რომლებზეც ჩვენ განსაკუთრებით ვმუშაობთ. ეს ქვეყნები დაკავშირებულია პირდაპირი ავიამიმოსვლით და სწორედ იქ ახორციელებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს.
ეს ქმედებები, რაც დაგეგმილად და თანმიმდევრულად მიმდინარეობს, საბოლოოდ აისახება როგორც ტურისტების რაოდენობაზე, ისე მიღებულ შემოსავლებზე. ვიზუალურად რაც ჩანს მაჩვენებლები სრულ თანხვედრაშია ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებთან, სადაც დაფიქსირებულია მოგზაურობის ზრდა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი მატება,“ - აცხადებს ომიაძე.
მისივე თქმით, ზაფხულის სეზონი წარმატებულია როგორც კურორტებზე, ასევე იმ ბაზრებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობით, რომელ ბაზრებზეც მარკეტინგული სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს.
„ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება ითქვას, რომ 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებით მიმდინარეობს,“ - დასძენს ომიაძე.
სხვა სიახლეები
Wizz Air ზამთრის სეზონის წინ ახლო აღმოსავლეთის ოთხ მიმართულებაზე ფრენებს აღადგენს
14.09.2026.13:00
Wizz Air-მა ჯედასა და ამანის მიმართულებით ფრენები აღადგინა და დაადასტურა, რომ აბუ-დაბისა და დუბაის მიმართულებით რეისებს 2026 წლის 25 ოქტომბრიდან განაახლებს. აღნიშნულ მიმართულებაზე ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია Wizz Air-ის ვებგვერდსა და ავიაკომპანიის მობილურ აპლიკაციაში.
არსებული გაყიდვების გრაფიკის შესაბამისად, Wizz Air ზამთრის სეზონის განმავლობაში ეტაპობრივად აღადგენს 12 მარშრუტსა და კვირაში 49 რეისს იორდანიის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის მიმართულებით.
განახლებული რეისები ზამთრის სეზონზე 470 000 ადგილს შემოგთავაზებთ, რაც ევროპის 9 ქალაქიდან მოგზაურებს მთელი წლის განმავლობაში მზიან ამინდთან, სანაპიროებთან და ახლო აღმოსავლეთის კულტურულ და გასართობ მიმართულებებთან პირდაპირ და ხელმისაწვდომ წვდომას მისცემს.
ბილეთების ფასები €24.99-დან იწყება Wizz Air-ის ვებგვერდსა და WIZZ-ის მობილურ აპლიკაციაში.
რეისების აღდგენა იმ პერიოდში ხდება, როდესაც მილიონობით ევროპელი ზამთრის მოგზაურობას გეგმავს და ცივი და ბნელი დღეების მზიანი ამინდითა და თბილი ტემპერატურით ჩანაცვლებას ეძებს. ევროპის ზამთრის პერიოდში დღის ტემპერატურა ამ მიმართულებებში ხშირად დაახლოებით 25°C-ს აღწევს, რაც დუბაის, აბუ-დაბის, ჯედასა და ამანს სეზონისგან განსხვავებული დასვენებისთვის მიმზიდველ მიმართულებებად აქცევს.
დუბაის გამორჩეული ცათამბჯენები, პლაჟები, შოპინგისა და გართობის შესაძლებლობები; აბუ-დაბის კულტურული ღირსშესანიშნაობები, უდაბნოს ლანდშაფტები და ოჯახური გასართობი სივრცეები; ჯედას ისტორიული ძველი ქალაქი და წითელი ზღვის სანაპირო; ამანის კი უძველესი ისტორიისა და თანამედროვე ურბანული კულტურის უნიკალური შერწყმა მოგზაურთა სხვადასხვა ინტერესს პასუხობს.
მთლიანი დასვენების დაგეგმვა მომხმარებლებს Wizz Holidays-ის საშუალებითაც შეუძლიათ.
Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრას რადომ განაცხადა: „მოხარული ვართ დავადასტუროთ, რომ დუბაი, აბუ-დაბი, ჯედა და ამანი Wizz Air-ის ქსელს უბრუნდება. ვიცით, რამდენად ელოდნენ ჩვენი მომხმარებლები ამ მიმართულებების დაბრუნებას და ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ადამიანები ზამთრის დასვენების დაგეგმვას იწყებენ.“
რადოს თქმით, „12 მარშრუტით, კვირაში 49 რეისითა და €24.99-დან დაწყებული ტარიფებით Wizz Air კვლავ უფრო ხელმისაწვდომს ხდის ახლო აღმოსავლეთს მილიონობით მოგზაურისთვის. ლოდინი დასრულდა, ზამთრის მზე დაბრუნდა და მოუთმენლად ველით ჩვენს მომხმარებლებს ბორტზე.“
| მარშრუტი | განახლების თარიღი | რეისები კვირაში | მინიმალური ტარიფი |
|---|---|---|---|
| ლარნაკა – აბუ-დაბი | 27 ოქტომბერი | 3 | €24.99 |
| სოფია – აბუ-დაბი | 27 ოქტომბერი | 3 | €69.99 |
| ბუდაპეშტი – ამანი | 22 სექტემბერი | 3 | €29.99 |
| ბუდაპეშტი – აბუ-დაბი | 25 ოქტომბერი | 4 | €59.99 |
| ბუდაპეშტი – დუბაი | 25 ოქტომბერი | 5 | €59.99 |
| ბუდაპეშტი – ჯედა | 27 ოქტომბერი | 3 | €49.99 |
| კლუჟი – აბუ-დაბი | 27 ოქტომბერი | 2 | €39.99 |
| რომი – ჯედა | 7 სექტემბერი | 4 | €59.99 |
| კრაკოვი – აბუ-დაბი | 27 ოქტომბერი | 3 | €79.99 |
| კატოვიცე – აბუ-დაბი | 25 ოქტომბერი | 5 | €69.99 |
| მილანი – ჯედა | 6 სექტემბერი | 7 | €49.99 |
| ბუქარესტი – დუბაი | 25 ოქტომბერი | 7 | €79.99 |
ავიაკომპანია ვითარების მონიტორინგს გააგრძელებს და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციას მოახდენს. ყველა რეისი ექვემდებარება ოპერაციულ და უსაფრთხოების უწყვეტ შეფასებას.