მომავალი ტურისტული სეზონი უფრო კარგი რომ იყოს, ინტენსიურად ვმუშაობთ - Check - in Travel-ი
Check – in Travel-ის გენერალური დირექტორი ია გედევანიშვილი ფიქრობს, რომ ის მაღალი მაჩვენებლები, რაც საერთაშორისო მოგზაურობის კუთხით უკვე ოფიციალურად დასახელდა, დიდი შრომისა და იმ გამოფენებში მონაწილეობის შედეგია, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ჩართულობით სექტორის მოთამაშეებმა მიიღეს მონაწილეობა.
„ტურისტულმა სეზონმა საკმაოდ კარგად ჩაიარა, თუმცა ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ. გამოფენებში მივიღეთ მონაწილეობა, რამაც განაპირობა ფულადი ნაკადების ზრდა, არამხოლოდ ქვეყანაში ასევე ჩვენს კომპანიაშიც.
წელს, მარტო ჩვენმა კომპანიამ, შემოიყვანა 33 ჩარტერი, რამაც სერიოზული თანხა შემოიტანა საქართველოში. იმისათვის, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო კარგი იყოს უკვე ინტენსიურად ვმუშაობთ. ვთვლი, რომ კარგი შედეგი ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობამ მოიტანა“, - ამბობს ია გედევანიშვილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,251,651,900 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს +25.9% ით აღემატება (+668,812,328 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +734,468,385 (+29.2%) აშშ დოლარით.
2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1,447,121,966 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +28.4% ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +72,468,664 (+5.3%) აშშ დოლარით.
სხვა სიახლეები
„საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვან და ავთენტურ მიმართულებას, მართლაც უსაზღვრო პოტენციალი აქვს“ - Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი
28.11.2026.18:01
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - „მეტი, ვიდრე მოგზაურობა: მიმართულებიდან გამოცდილებამდე“ გაიმართა. ღონისძიებაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამოგზაურო პლატფორმის, Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი (EMEA), ლაურა მილოს სანჩესი მონაწილეობდა.
საერთაშორისო ექსპერტმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შეფასებისას აღნიშნა, რომ ქვეყანას ახალი საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად კარგი პოზიცია აქვს.
"ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რომ ყველამ ერთ სივრცეში მოიყარა თავი. ავიაკომპანიები, ინდუსტრიის პარტნიორები, სასტუმროები, ასევე სხვადასხვა დარგის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აქ, თბილისში შეიკრიბნენ. როგორ შეგვიძლია საქართველოს კიდევ უფრო განვითარება? როგორ მოვიზიდოთ საქართველოში მეტი საერთაშორისო მოგზაური და როგორ გავაცნოთ მათ ქვეყნის ის რეგიონები და ადგილები, რომლებიც აქამდე არ უნახავთ? ვფიქრობ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, ქვეყანა ამჟამად ძალიან კარგ პოზიციაზეა და მასპინძლობს ახალ საერთაშორისო ვიზიტორებს, ასე რომ, პოტენციალი მართლაც უსაზღვროა. საქართველოს ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს არის იმდენად მრავალფეროვანი და ავთენტური ქვეყანა, რომ აუცილებლად უნდა გააცნოს საკუთარი თავი მთელ მსოფლიოს. - აღნიშნა ლაურა მილოს სანჩესმა.