მოთხოვნა გაზრდილია და სასტუმრო 100%-იანი დატვირთულობით მუშაობს - Radisson RED Tbilisi
ბოლო კვირების განმავლობაში სასტუმროზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ გაზრდილია და Radisson RED Tbilisi 100%-იანი დატვირთულობით მუშაობს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Radisson RED Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელმა ბესო გოგინავამ განაცხადა. მისივე თქმით, ზაფხულის თვეებზე სასტუმროს მაგალითზე ჯავშნების რაოდენობა საკმაოდაა გაზრდილი.
„შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენთან სეზონი უკვე დაიწყო. ბოლო კვირებში მოთხოვნა Radisson RED-ზე გაზრდილია და სასტუმრო 100%-იანი დატვირთულობით მუშაობს. ზაფხულის თვეებზეც უკვე საკმაოდ ბევრი ჯავშანი გვაქვს მიღებული. სასტუმრო აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, ვთანამშრომლობთ უცხოურ მედიასა და ინფლუენსერებთან. ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ციფრულ მარკეტინგს, რათა ნებისმიერი მოგზაურისთვის ყველგან ხელმისაწვდომი ვიყოთ და ვიყოთ დაჯავშნის პროცესი მათ მაქსიმალურად გავუმარტივოთ“, - აცხადებს ბესო გოგინავა.
Radisson RED Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე Radisson RED გლობალურ ბაზარზე ძალიან სწრაფად იზრდება, რაც ბრენდზე მზარდი მოთხოვნით არის განპირობებული.
„გეტყვით იმასაც, რომ Radisson RED Tbilisi მსოფლიოში RED ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმროა. ამ ეტაპზე, სტუმრების ყველაზე დიდი წილი არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან შემოდის. ზრდის ტენდენცია ფიქსირდება თურქეთიდან, ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან“, - ამბობს Radisson RED Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ქართულ ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას Radisson RED Tbilisi-ს მენეჯმენტი დიდი მნიშვნელობას ანიჭებს და ამბობს, რომ სტუმრების ზრდას სწორედ იმ ქვეყნებიდან ელოდებიან, საიდანაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეისები სრულდება და ემატება.
„ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა მთელი მასპინძლობის ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ველოდებით სტუმრების გაზრდას იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც აღნიშნული ავიაკომპანიები საქართველოს პირდაპირ დააკავშირებენ“, - ამბობს ბესო გოგინავა.
სასტუმრო Radisson RED Tbilisi, რომელიც საღამოების გასატარებლად იდეალური ადგილია, სტუმრებისთვის ბევრ სიახლეს ამზადებს.
„RED YARD 4 აპრილს კარებს ახალი სეზონისთვის გახსნის. სტუმრებს ბევრი სიახლე ელოდება, როგორც მენიუს, ასევე ღონისძიებების მიმართულებით. ჩვენი ძალიან ტრენდული Summer Vibes Fest წელს მეორედ ჩატარდება. აქვე ექსკლუზიურად გაგიმხელთ იმასაც, რომ გასტრონომიული მიმართულებით თბილისს ძალიან საინტერესო სიახლეს ვუმზადებთ, რომელსაც უახლოეს დღეებში საზოგადოება თქვენი პლატფორმის მეშვეობით შეიტყობს“, - აცხადებს Radisson RED Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.
სხვა სიახლეები
Le Figaro: „საქართველო - ემოციების ისტორია“
08.06.2026.13:47
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის ბაზარზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები რეიტინგულ ფრანგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა.
საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა Le Figaro სტატიაში, სათაურით „საქართველო - ემოციების ისტორია” (La Géorgie, une histoire d’emotions), ქვეყანას აღწერს, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე უნიკალური დანიშნულების ადგილს, რომელიც მოგზაურებს საოცარი ბუნებრივი მრავალფეროვნებით, კულტურული მემკვიდრეობითა და ღირსშესანიშნაობებით ხიბლავს.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს და დაცულ ტერიტორიებს ეთმობა, აღნიშნულია ქვეყნის გამაჯანსაღებელი და ველნეს ტურიზმის პოტენციალი, მრავალრიცხოვანი მინერალური წყაროები და თერმული კურორტები.
Le Figaro-ს სტატია მკითხველს ვრცლად აცნობს საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ დამწერლობას, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქართულ ძეგლებს - მცხეთას, გელათის მონასტერს, სვანურ კოშკებს. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოში მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია და ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია. ასევე ადგილი ეთმობა მდიდარ ქართულ კულინარიას, სტუმართმოყვარეობის სიმბოლოს - ტრადიციულ სუფრას და თამადის ინსტიტუტს.
ცივილიზაციის საწყისებთან საქართველოს მჭიდრო კავშირს გავლენიანი ფრანგული გამოცემა ასე აფასებს: „ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პური და ღვინო, ადამიანის სოფლის მეურნეობის და, შესაბამისად, ჩვენი ცივილიზაციის საფუძველი ქართული წარმოშობისაა. კიდევ უფრო მეტი მიზეზია, პატივი მივაგოთ მათ, თუნდაც, სიმღერით, რატომაც არა? მომხიბვლელი პოლიფონიური ქართული სიმღერით ტკბობით, რომელიც ხშირად სუფრის დასასრულს ალამაზებს და სტუმრებს აღაფრთოვანებს. ყველა ეს ემოცია - საქართველოა...“
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Le Figaro-სა და სხვა მაღალრეიტინგულ ევროპულ მედიასაშუალებებში საქართველოს პოზიციონირება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ცნობადობას ევროკავშირის სტრატეგიულ ბაზრებზე და ხელს უწყობს მაღალმხარჯველობითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.