მსხვილი ყაზახური ჰოლდინგი „Freedom Holding “ საქართველოს საფინანსო სექტორით დაინტერესდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრა გამართა „Freedom Holding Corp“-ის მენეჯმენტთან.
Freedom Holding-ი მსხვილი საცალო, საბროკერო და საინვესტიციო ბანკია ცენტრალური აზიის რეგიონში. ჰოლდინგი კლიენტებს სთავაზობს როგორც ტრადიციულ საბანკო, ასევე ინოვაციურ ფინანსურ სერვისებს. ჰოლდინგი აშშ-ში, ნევადაში დაფუძნებულია. მისი სათავო ოფისი კი ყაზახეთში, ალმათიში მდებარეობს. Freedom Holding-ის აქციები ივაჭრება ნასდაკის საფონდო ბირჟაზე (Nasdaq Capital Market).
Freedom Holding-ი როგორც საბანკო, ასევე საბროკერო სერვისების მიწოდების გზით საქართველოში თავიანთი აქტივობების განვითარებითაა დაინტერესებული. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში საფინანსო სექტორში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. ყაზახური ჰოლდინგის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია საკანონმდებლო ჩარჩოზე და საზედამხედველო პოლიტიკაზე.
შეხვედრაზე სებ-ის პრეზიდენტმა Freedom Holding-ის წარმომადგენლებს მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემო და საფინანსო სექტორის ფინანსური მდგომარეობა გააცნო. შეხვედრაზე ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ფინანსური სექტორი საქართველოში მდგრადია, ბანკები ინარჩუნებენ ჯანსაღი კაპიტალისა და ლიკვიდურობის მაჩვენებლებს. მან ასევე ვრცლად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივი ფინანსური ბაზრების განვითარების მიმართულებით გაატარა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი და სებ-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელები.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია
10.09.2026.18:05
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari • მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
კონკურსზე 23 ევროპული ქვეყნიდან 72 განაცხადი იყო წარმოდგენილი. „მზისკარი“ ნომინაციაში „შემოქმედებითი ტურიზმი და თანამონაწილეობით შექმნილი კულტურული ტურისტული გამოცდილებები“ (Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences) ევროპის ოთხ საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.
„მზისკარის“ მხარდასაჭერად გადადით ბმულზე, აირჩიეთ კატეგორია „Creative Tourism and Co-Created Cultural Tourism Experiences“ და მიეცით ხმა პროექტს: https://culturaltourism.awardstage.com/#!/public-choice-voting
ECTN Awards 2026-ის გამარჯვებულები 24 სექტემბერს, საბერძნეთის კუნძულ სკიათოსზე გამოვლინდებიან.