აზიური ბაზრის გახსნა საქართველოსთვის ძალიან მომგებიანი იქნება - „ნიკოლო შოპი“-ს წარმომადგენელი
შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე China International Import Expo (CIIE) საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ღონისძიებაში 40-მდე ქართული კომპანიითაა წარმოდგენილი, რაც მათ საშუალებას აძლევს ასეულობით ათას ვიზიტორს გააცნონ ქართული პროდუქცია, კულტურა, ღვინო და გასტრონომია. საქართველოს სამი პავილიონიდან ერთი მათგანი ხელნაკეთი და თანამედროვე დიზაინის პროდუქციას უკავია.
კომპანია „ნიკოლო შოპის“ წარმომადგენელი ლია კონჯარია საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი და დიზაინერული პროდუქციისთვის აზიური ბაზრის გახსნას დადებითად აფასებს და შანხაის გამოფენაში მონაწილეობას წარმატებულს უწოდებს. „ვფიქრობ, ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მწარმოებლებისთვის, რადგან აზიური, განსაკუთრებით კი ჩინეთის ბაზრის გახსნა საქართველოსთვის ძალიან მომგებიანი იქნება. ჩვენ უკვე მესამე წელია ამ გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას, რაც იმას მოწყობს, რომ შანხაის გამოფენა ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენი პროდუქციისადმი ინტერესი საკმაოდ დიდი იყო და ვფიქრობთ, რომ წლევანდელი გამოფენა სამომავლო წარმატების საწინდარი იქნება,“ - ამბობს „ნიკოლო შოპი“-ს წარმომადგენელი.
China International Import Expo (CIIE) - ი წელს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, ღონისძიებას კი დაახლოებით 150 ათასი სტუმარი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ საქართველო China International Import Expo (CIIE)-ზე უწყვეტად, უკვე მერვედ მონაწილეობს. წელს საქართველო ღონისძიებაზე უპრეცედენტო მასშტაბით, 1000 კვ.მ ფართობზე განთავსებული სამი საგამოფენო სივრცით არის წარმოდგენილი.
გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, უწევს ორგანიზებას.
სხვა სიახლეები
ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და $695 მილიონი შეადგინა - Galt & Taggart
05.10.2026.08:10
Galt & Taggart-ი თვის განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.
,,საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა 2026 წლის აგვისტოში წლიურად 6.3%-მდე შენელდა, ივლისში დაფიქსირებული 8.0%-დან. მიუხედავად ამისა, 2026 წლის 8 თვის საშუალო ზრდა კვლავ მაღალი, 7.6%-ია. აგვისტოში ეკონომიკურ ზრდას ძირითადად ხელი შეუწყო დამამუშავებელმა მრეწველობამ, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა (ICT), ფინანსურმა მომსახურებებმა, უძრავი ქონების სექტორმა, ვაჭრობამ და ტრანსპორტმა, მაშინ როდესაც მშენებლობის სექტორში კლება დაფიქსირდა. ჩვენ ვინარჩუნებთ საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს და 2026 წელს 7.5%-იან ზრდას ველით.
მომდევნო თვეებში გაცვლითი კურსის სტაბილურობას ველოდებით. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს კურსი საშუალოდ 2.65 GEL/USD იქნება.
2026 წლის 9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ზედიზედ მესამე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად დატოვა. სებ-ის შეფასებით, ინფლაცია კვლავ ძირითადად მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორებით არის განპირობებული, რაც ენერგომატარებლებისა და საერთაშორისო სურსათის ფასების ზრდას ასახავს, მაშინ როდესაც საბაზისო ინფლაციური წნეხი კვლავ შეზღუდულია. სებ-მა მიუთითა, რომ თუ აღნიშნული შოკი ინფლაციურ მოლოდინებზე ზეწოლას მოახდენს, შესაძლოა განაკვეთის ზომიერი ზრდა გახდეს საჭირო, ხოლო შოკის გავლენის შემცირების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება დაიწყება. გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებისა და საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალის შესაბამის დონეზე შენარჩუნების აუცილებლობის გათვალისწინებით, 2026 წლის განმავლობაში 25 საბაზისო პუნქტით განაკვეთის ზრდის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ.
ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2026 წლის პირველ 8 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 1.6%-იანი ზრდაა. 2026 წელს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს 4.9 მლრდ აშშ დოლარის დონეზე ვპროგნოზირებთ.
საქართველოს მიმდინარე ანგარიშის (CA) დეფიციტი 2026 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა და მშპ-ის 2.5% შეადგინა. გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანა მიმდინარე ანგარიშის ყველა ძირითადმა კომპონენტმა.
ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.9%-ს შეადგენს", - აღნიშნულია ანგარიშში.