პანდემიის შემდეგ ტურისტების მოთხოვნები შეიცვალა, დღეს ძალიან დიდი აქცენტი კეთდება გამოცდილებით ტურიზმზე - ნატა კვაჭანტირაძე
საქართველოსთვის კულტურული ტურიზმი ყოველთვის იყო და რჩება უმთავრეს პრიორიტეტად, რომელიც სათავგადასავლო ტურიზმთან ერთად, სტატისტიკურ მონაცემებში მუდმივად პირველ ადგილს იკავებს, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნატა კვაჭანტირაძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, პანდემიის შემდეგ ტურისტების მოთხოვნები შეიცვალა და განსაკუთრებული აქცენტი გამოცდილებით ტურიზმზე კეთდება.
„სტატისტიკურ მონაცემებში პირველ ადგილს მუდმივად იკავებს როგორც კულტურული, ისე სათავგადასავლო ტურიზმი. თუმცა, პანდემიამ გარკვეულწილად შეცვალა ტურისტების მოთხოვნები. შესაბამისად, დღეს ძალიან დიდი აქცენტი კეთდება ახალ მიმართულებაზე - არის გამოცდილებითი ტურიზმი. იგი გულისხმობს მოგზაურების პირდაპირ შემხებლობას ქვეყნის მოქალაქეებთან და სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებთან. თავისთავად, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.
გვაქვს ძალიან კარგი მაგალითები ღვინისა და ეკოტურიზმის მიმართულებით, თუმცა ამ პროდუქტებს კიდევ უფრო მეტი გამრავალფეროვნება სჭირდება. ხშირად აღვნიშნავთ, რომ კომბინირებული შეთავაზებები ბევრად მეტ ეფექტს იძლევა. თუნდაც მაშინ, როცა კულტურულ ტურიზმზე ვსაუბრობთ, აუცილებელია სხვადასხვა მიმართულების კომბინაცია. ტურისტული პროდუქტები უნდა იყოს მრავალფეროვანი, რათა ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ. ჩვენი მრავალფეროვნება, როგორც ბიომრავალფეროვნების, ისე კულტურისა და ისტორიის ჭრილში, შეთავაზებების ნაწილში ბევრად უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს სტუმრებისთვის“, - აღნიშნა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ.
სხვა სიახლეები
თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყო
15.07.2026.21:03
საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და წამყვანი ავიაკომპანია China Eastern Airlines შემოვიდა და ისტორიაში პირველად, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა.
ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში სამჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.
შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.
საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მზარდი დინამიკით გამოირჩევა. 2025 წელს საქართველომ ჩინეთიდან 100,470 საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა, რაც ჩინეთის ბაზრიდან მოთხოვნის სტაბილურ ზრდაზე მიუთითებს.
China Eastern Airlines მესამე უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ ფრენებს შეასრულებს. საქართველოს ავიაბაზარზე უკვე წარმატებით ოპერირებენ ჩინეთის კიდევ ორი უმსხვილესი ავიაკომპანია – Air China და China Southern Airlines. ორივე ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისსა და ურუმჩის შორის ასრულებს, ხოლო Air China მგზავრებს ურუმჩის გავლით პეკინში გამგზავრების შესაძლებლობასაც სთავაზობს.