პარაპლანით ფრენებისთვის 11 ახალი ადგილი გამოიყოფა
პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის ფარგლებში მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები განიხილა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელებთან გამართულ მორიგ საკოორდინაციო შეხვედრაზე, რომელსაც ასევე სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ფედერაცია ძალიან აქტიურ რეჟიმში მუშაობს ყველა იმ ვალდებულების შესასრულებლად, რაც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის განსაზღვრული პარაპლანებით უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისთვის.
„ეკონომიკის სამინისტრო, მისი შესაბამისი უწყებები ფედერაციასთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ, გვაქვს სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა მიმდინარე საკითხებზე და ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მთავრობის დადგენილების თანახმად პარაპლანებით ფრენების აღდგენა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია სპეციალურ საჰაერო სივრცეებში" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს დამატებით 11 ახალ ლოკაციაზე პარაპლანებით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფის საკითხის შესწავლა, მათ შორის არის ლოკაციები თბილისის, კახეთის, მესტიის, ბახმაროს, გოდერძის, ბაკურიანის და სხვა ტერიტორიებზე.
„აღსანიშნავია, რომ ფრენების დასაწყებად აქტიურად მიმდინარეობს მზადება დაბა გუდაურში - თეორიული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, დღეს, 13 ივლისს, პარაპლანით ფრენების განხორციელების მსურველები გადიან პრაქტიკულ გამოცდებს და ამ პროცესს ადგილზე აკვირდებიან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები. საგამოცდო ფრენების წარმატებით გავლის შემთხვევაში, აღნიშნულ პირებზე გაიცემა პილოტის მოწმობები. პარალელურად, გრძელდება ოპერატორების სერტიფიცირების და საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემის პროცესი" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.