ქართველი მზარეულები ბასკეთის კულინარიის ცენტრში გადამზადდებიან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში მოქმედ მზარეულებს, უკვე მეორედ, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასწავლებელში გადამზადების კურსს სთავაზობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის ფარგლებში ქართველი მზარეულები ესპანეთში, სან-სებასტიანში, Basque Culinary Center-ში საერთაშორისო კულინარიულ გამოცდილებას მიიღებენ.
სასწავლო კურსი მოიცავს: პროფესიონალური კულინარიის საფუძვლებს, კერძების დამზადების პრაქტიკულ მეცადინეობას, ტრადიციული და რეგიონული სამზარეულოს ტექნოლოგიების დაუფლებას, მსოფლიო ტენდენციების გაცნობას.
სასწავლო კურსი 29 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება. პროგრამას სრულად აფინანსებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
კურსის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ Basque Culinary Center -ის ოფიციალური სერტიფიკატი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გასულ წელს, ქართველმა მზარეულებმა საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადამზადების კურსი გაიარეს.
პროექტის ფარგლებში, 10 მოქმედმა მზარეულმა ინტენსიურ სასერტიფიკატო კულინარიულ სასწავლო კურსში მიიღო მონაწილეობა. კურსი მოიცავდა კერძების მომზადების პრაქტიკულ მეცადინეობასა და ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას, მსოფლიო ტრენდების გაცნობას, სამზარეულოს აღჭურვასა და მართვას.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იმერული სტუმართმოყვარეობის პირველი შთაბეჭდილება იყოს - ლევან მოსეშვილი
27.06.2026.14:10
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გასტრონომიულ ფესტივალს GEMO FEST უკვე მეოთხედ უჭერს მხარს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ფესტივალის მთავარი პარტნიორია, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელიცაა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, GEMO FEST-ის მხარდაჭერა ხელს უწყობს რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო ვიზიტორთა ნაკადების ზრდასა და ადგილობრივი კულინარიული კულტურის პოპულარიზაციას.
„ჩვენ ტრადიციულად მხარს ვუჭერთ მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარებას, რათა ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას და საერთაშორისო ვიზიტორთა ნაკადების ზრდას საქართველოში. GEMO FEST-ის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს როგორც ტრადიციულ ქართულ, ისე ნაკლებად ცნობილ კერძებს, ასევე ფესტივალში მონაწილე ადგილობრივ მეწარმეებსა და მათ პროდუქციას.
Gemo Fest-ი ყოველწლიურ ტრადიციად იქცა და მისი მიზანია რეგიონში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და ტურისტული ნაკადების ზრდა.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს იმერული სტუმართმოყვარეობისა და გასტრონომიის პირველი შთაბეჭდილება, საიდანაც იწყება საქართველოს გემოების აღმოჩენა,“- განაცხადა ლევან მოსეშვილმა.