ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა
დღეიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი ამოქმედდა. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ საერთაშორისო პარტნიორ VISA-სთან თანამშრომლობით განახორციელა.
ბიზნეს ლაუნჯი ოფიციალურად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, VISA-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში დიანა კიღურაძემ და TBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი თხელიძემ გახსნეს.
თანამედროვე, მინიმალისტურ სტილში მოწყობილი ბიზნეს ლაუნჯი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში, პირველ და მეორე სართულზე, 270 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და ერთდროულად 70 მგზავრს მოემსახურება. სივრცე აერთიანებს მოსასვენებელ, სამუშაო, კვებისა და საბავშვო ზონებს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონ ლარზე მეტია. VISA-ს პრემიუმ კატეგორიის ბარათების მქონე მგზავრები ბიზნეს ლაუნჯით უფასოდ ისარგებლებენ. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სივრცე VISA-ს ბრენდის კონცეფციით იქნება წარმოდგენილი, ხოლო მის ოპერირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
Le Figaro: „საქართველო - ემოციების ისტორია“
08.06.2026.13:47
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის ბაზარზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები რეიტინგულ ფრანგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა.
საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა Le Figaro სტატიაში, სათაურით „საქართველო - ემოციების ისტორია” (La Géorgie, une histoire d’emotions), ქვეყანას აღწერს, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე უნიკალური დანიშნულების ადგილს, რომელიც მოგზაურებს საოცარი ბუნებრივი მრავალფეროვნებით, კულტურული მემკვიდრეობითა და ღირსშესანიშნაობებით ხიბლავს.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს და დაცულ ტერიტორიებს ეთმობა, აღნიშნულია ქვეყნის გამაჯანსაღებელი და ველნეს ტურიზმის პოტენციალი, მრავალრიცხოვანი მინერალური წყაროები და თერმული კურორტები.
Le Figaro-ს სტატია მკითხველს ვრცლად აცნობს საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ დამწერლობას, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქართულ ძეგლებს - მცხეთას, გელათის მონასტერს, სვანურ კოშკებს. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოში მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია და ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია. ასევე ადგილი ეთმობა მდიდარ ქართულ კულინარიას, სტუმართმოყვარეობის სიმბოლოს - ტრადიციულ სუფრას და თამადის ინსტიტუტს.
ცივილიზაციის საწყისებთან საქართველოს მჭიდრო კავშირს გავლენიანი ფრანგული გამოცემა ასე აფასებს: „ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პური და ღვინო, ადამიანის სოფლის მეურნეობის და, შესაბამისად, ჩვენი ცივილიზაციის საფუძველი ქართული წარმოშობისაა. კიდევ უფრო მეტი მიზეზია, პატივი მივაგოთ მათ, თუნდაც, სიმღერით, რატომაც არა? მომხიბვლელი პოლიფონიური ქართული სიმღერით ტკბობით, რომელიც ხშირად სუფრის დასასრულს ალამაზებს და სტუმრებს აღაფრთოვანებს. ყველა ეს ემოცია - საქართველოა...“
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Le Figaro-სა და სხვა მაღალრეიტინგულ ევროპულ მედიასაშუალებებში საქართველოს პოზიციონირება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ცნობადობას ევროკავშირის სტრატეგიულ ბაზრებზე და ხელს უწყობს მაღალმხარჯველობითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.