საერთაშორისო კონფერენციაზე ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების, განვითარებისა და სხვადასხვა ახალი ინიციატივის შესახებ მთელი მსოფლიოს საუკეთესო მაგალითები იყო წარმოდგენილი - მაია ომიაძე
საერთაშორისო კონფერენციაზე ტურიზმის ინდუსტრიის სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ და ტურიზმის სფეროში მიმდინარე გლობალური ტენდენციები განიხილეს. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, - ასე შეაფასა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ საერთაშორისო კონფერენცია „მეტი, ვიდრე მოგზაურობა: მიმართულებიდან გამოცდილებამდე“.
საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა გახსნა.
მაია ომიაძის განცხადებით, თბილისის კონფერენციაზე ტურიზმის ინდუსტრიის სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ და ტურიზმის სექტორში სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე მსოფლიოში არსებული ტენდენციები განიხილეს.
“კონფერენციის უცხოელმა სპიკერებმა ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. თავის მხრივ, მათთვისაც საინტერესო იყო ქართული ტურიზმის მაგალითების გაცნობა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა - საერთაშორისო კონფერენციაზე ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების, განვითარებისა და სხვადასხვა ახალი ინიციატივის შესახებ მთელი მსოფლიოს საუკეთესო მაგალითები იყო წარმოდგენილი“ - განაცხადა მაია ომიაძემ.
საერთაშორისო კონფერენციას ქართული ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, კერძო და საჯარო სექტორის 300-ზე მეტი დელეგატი დაესწრო. ღონისძიების სამი თემატური სესიის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა და ადგილობრივი სექტორის წარმომადგენლებმა ტურისტული დანიშნულების ადგილებისა და კურორტების ბრენდინგის, მარკეტინგის, ასევე მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ საკითხები განიხილეს.
სხვა სიახლეები
2026 წლის III კვარტალში ადგილობრივი ტურისტების ხარჯებმა 445.4 მლნ ლარი შეადგინა | საქსტატი
24.11.2026.15:05
2026 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 424.2 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 838.7 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 3.5 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.5 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 856.1 ათასით განისაზღვრა, რაც 7.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 36.2 პროცენტი, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.8 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36.9 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრე- ბელია, 15.9 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.
2026 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 445.4 მილიონი ლარით, რაც 11.5 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 5.7 პროცენტით და 242.3 ლარს გაუტოლდა.