საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს, რომ ქუთაისის აეროპორტი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია - მარიამ ქვრივიშვილი
ქუთაისის აეროპორტმა საერთაშორისო რეიტინგებში მცირე ზომის აეროპორტებიდან საშუალო ზომის აეროპორტებს შორის გადაინაცვლა - ACI Europe-ს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 91%-ით გაიზარდა, რის შემდეგაც მცირე აეროპორტებიდან საშუალო აეროპორტების კატეგორიაში მოხვდა, ხოლო 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა მგზავრთნაკადის 171.8%-იანი ზრდის მაჩვენებლით - საუბარია ACI წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 10 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ეს არის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მორიგი აღიარება, რომლის მიხედვითაც ჩვენი აეროპორტი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი აეროპორტია. მისივე თქმით, ხაზგასასმელია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2023 წელს ახალი რეკორდი დაამყარა და 1 600 000 -ზე მეტ მგზავრს უმასპინძლა.
„ქუთაისის აეროპორტში 37 მიმართულებით ხდება პირდაპირი საჰაერო ფრენების ოპერირება, საიდანაც 28 არის ევროპული მიმართულება და სწორედ ქუთაისის აეროპორტს აქვს უდიდესი წვლილი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის განვითარების კუთხით. მიმდინარე წელს გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები იმისთვის, რომ მოხდეს აერპორტის კიდევ უფრო მეტად გაფართოება და მისი გამტარუნარიანობის ზრდა იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ უფრო მეტ ავიაკომპანიას, მივიღოთ მეტი პირდაპირი რეისი, დავნიშნოთ ახალი მიმართულებები ევროპის ქვეყნებში, შედეგად კი როგორც იმერეთის რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოში ვუმასპინძლოთ კიდევ უფრო მეტ შიდა და საერთაშორისო მოგზაურს“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და $695 მილიონი შეადგინა - Galt & Taggart
05.10.2026.08:10
Galt & Taggart-ი თვის განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.
,,საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა 2026 წლის აგვისტოში წლიურად 6.3%-მდე შენელდა, ივლისში დაფიქსირებული 8.0%-დან. მიუხედავად ამისა, 2026 წლის 8 თვის საშუალო ზრდა კვლავ მაღალი, 7.6%-ია. აგვისტოში ეკონომიკურ ზრდას ძირითადად ხელი შეუწყო დამამუშავებელმა მრეწველობამ, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა (ICT), ფინანსურმა მომსახურებებმა, უძრავი ქონების სექტორმა, ვაჭრობამ და ტრანსპორტმა, მაშინ როდესაც მშენებლობის სექტორში კლება დაფიქსირდა. ჩვენ ვინარჩუნებთ საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს და 2026 წელს 7.5%-იან ზრდას ველით.
მომდევნო თვეებში გაცვლითი კურსის სტაბილურობას ველოდებით. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს კურსი საშუალოდ 2.65 GEL/USD იქნება.
2026 წლის 9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ზედიზედ მესამე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად დატოვა. სებ-ის შეფასებით, ინფლაცია კვლავ ძირითადად მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორებით არის განპირობებული, რაც ენერგომატარებლებისა და საერთაშორისო სურსათის ფასების ზრდას ასახავს, მაშინ როდესაც საბაზისო ინფლაციური წნეხი კვლავ შეზღუდულია. სებ-მა მიუთითა, რომ თუ აღნიშნული შოკი ინფლაციურ მოლოდინებზე ზეწოლას მოახდენს, შესაძლოა განაკვეთის ზომიერი ზრდა გახდეს საჭირო, ხოლო შოკის გავლენის შემცირების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება დაიწყება. გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებისა და საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალის შესაბამის დონეზე შენარჩუნების აუცილებლობის გათვალისწინებით, 2026 წლის განმავლობაში 25 საბაზისო პუნქტით განაკვეთის ზრდის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ.
ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2026 წლის პირველ 8 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 1.6%-იანი ზრდაა. 2026 წელს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს 4.9 მლრდ აშშ დოლარის დონეზე ვპროგნოზირებთ.
საქართველოს მიმდინარე ანგარიშის (CA) დეფიციტი 2026 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა და მშპ-ის 2.5% შეადგინა. გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანა მიმდინარე ანგარიშის ყველა ძირითადმა კომპონენტმა.
ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.9%-ს შეადგენს", - აღნიშნულია ანგარიშში.