საქართველო იქნება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდრის ნაწილი - ლევან დავითაშვილი
„ეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაა - საქართველოში პირველად ტარდება სამთო-სათხილამურო სპორტში უმაღლესი რანგის ტურნირი, ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი. მოხარულები ვართ, რომ უმაღლესი შეფასება მივიღეთ მსოფლიო სათხილამურო ფედერაციისგან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებაზე.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებლად წლების განმავლობაში მიდიოდა მუშაობა, განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში.
ბაკურიანში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა იმისთვის, რომ ქვეყანა მაღალ დონეზე მომზადებული შეხვედროდა ასეთი მაღალი დონის ტურნირს, მათ შორის გაკეთდა გათოვლიანების ხელოვნური 29-კილომეტრიანი სისტემა, გაიხსნა რამდენიმე საბაგირო გზა, ასევე მოეწყო ხელოვნური ტბები, რათა კურორტზე გათოვლიანებისთვის წყლის საკმარისი რესურსები იყოს. ეს ინფრასტუქტურა გამოდგება წლების განმავლობაში და საქართველო იქნება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კალენდრის ნაწილი.
ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში ბაკურიანის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.