საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტი შემოსავალი მიიღო - მაია ომიაძე
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სამი კვარტლის მონაცემებს აფასებს.
მაია ომიაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობებიდან 3,3 მლრდ დოლარის შემოსავალი უკვე მიიღო.
„9 თვის მონაცემებით ტურიზმში შემოსავლებმა 3,3 მლრდ დოლარი შეადგინა. რაც უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, 2019 წელთან შედარებით, 26%-იანი მატებაა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-მდე ზრდა.
იცით, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე მუდმივად ახორციელებს მარკეტინგულ კამპანიებს, ეს იქნება ევროპის ქვეყნები თუ სპარსეთის ყურის ქვეყნები. უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი წლიდან შორეულ ქვეყნებშიც ვიწყებთ აქტიურ კამპანიებს. რაც რა თქმა უნდა გაზრდის ტურისტების რაოდენობას და თავისთავად შემოსავლებზე აისახება“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2023 წლის I-III კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 3,251,651,900 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს +25.9% ით აღემატება (+668,812,328 აშშ დოლარი). 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +734,468,385 (+29.2%) აშშ დოლარით.
2023 წლის III კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 1,447,121,966 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +28.4% ზრდაა, 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +72,468,664 (+5.3%) აშშ დოლარით.
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებას ქუთაისში უმასპინძლებს - მედეა ჯანიაშვილი
22.05.2026.14:22
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს - დამოუკიდებლობის დღეს, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე აღნიშნავს. ასევე მოგეხსენებათ, რომ წელსვე ვზეიმობთ არანაკლებ მნიშვნელოვან თარიღს - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. ქუთაისელებსა და ქალაქის სტუმრებს, რომლებიც 26 მაისს ქუთაისის მთავარ მოედანზე მოვლენ, შევთავაზებბთ სპეციალურ სივრცეს, სადაც ისინი გაეცნობიან როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიას, ასევე ქუთაისისა და მთლიანად რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, რაც გამოხატულია ჩვენი უძველესი ისტორიით, უნიკალური კულტურითა და ბუნებრივი რესურსებით,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის ეთერში.
როგორც მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოეწყობა სივრცე საქართველოს გასტრონომიის წარმოსაჩენად, სადაც ადგილობრივ კულინარიასთან ერთად სტუმრები ქართული ღვინოს დააგემოვნებენ.
“26 მაისის ღონისძიებების უდიდესი ნაწილი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება საბავშვო და შემეცნებითი აქტივობები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ამდენად, ქუთაისსა და მიმდებარე დასახლებებიდან ყველა მშობელს მოვუწოდებ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ბავშვებთან ერთად მოვიდნენ,“ - აღნიშნა მედეა ჯანიაშვილმა.
პროგრამის მიხედვით, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე თემატური შემეცნებითი, სამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეები ამოქმედდება. მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა საბავშვო-გასართობი აქტივობები, სამეცნიერო ექსპერიმენტების შოუ, თეატრალური წარმოდგენები და მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა, საღამოს კი ქუთაისშიც ცოცხალი შესრულებით სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდება. ღონისძიებას გალა კონცერტი დაასრულებს.