საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
31 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა - ‘’British Airways” დაიწყო. ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. შედეგად, დღეიდან ერთმანეთს ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით ლონდონი და თბილისი დაუკავშირდნენ.
’’British Airways”-ის A320 ტიპის ხომალდი, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისოაეროპორტში, 150 მგზავრით, ცოტა ხნის წინ დაეშვა. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ოფიციალური მიღება გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი გარეთ უარდი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ‘’British Airways”-ის მენეჯმენტი დაესწრნენ.
ავიაკომპანია ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართლებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში 4 სიხშირით შეასრულებს.
‘’British Airways”-ი 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ოპერირების ისტორია აქვს. ‘’British Airways”-ი “American Airlines”-თან ერთად გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, ‘’OneWorld“ თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა ‘’SkyTeam”-ის და “Star Alliance”-ის შემდეგ.
‘’American Airlines”-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა ‘’British Airways”-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. ‘’British Airways”-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმარულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში გაეცნენ
10.07.2026.10:46
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ინდოეთში საქართველოს შესახებ როუდშოუ გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მასშტაბური ღონისძიებები ბენგალურუსა და ჩენაიში მოეწყო.
როუდშოუში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა საქართველოში ვახტანგ ჯაოშვილმა.
როუდშოუში საქართველოდან 10 ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობდა, ორივე ქალაქში გამართულ ღონისძიებას ინდოეთიდან 100-მდე ტუროპერატორი დაესწრო.
პრეზენტაციების პარალელურად, ღონისძიებები მოიცავდა სამუშაო შეხვედრებს B2B ფორმატში. ქართული და ინდური ტურისტული კომპანიებიების წარმომადგენლებმა შეხვედრებზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში ჯგუფური ტურების მოზიდვას საქმიანი ტურიზმის, სათავგადასავლო ტურიზმის, სამედიცინო და გამაჯანსაღებელი, ასევე საზღვაო და სამთო მიმართულებით.
ინდოეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და მზარდ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.