საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა
საერთაშორისო კვლევითი კომპანიის STR Global-ის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი 53.1%-ია, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით 5.3%-ით მეტია. აღნიშნულია შეახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი დატვირთვა ივლისის თვეში (70%) დაფიქსირდა. ტრადიციულად ყველაზე მაღალი დატვირთვით ივლისი-სექტემბრის თვის პერიოდი ხასიათდება.
2024 წელს განთავსების ობიექტების რაოდენობა საგრძნობლად, 49.8%-ით, გაიზარდა 2019 წელთან შედარებით. STR Global-ის მონაცემებით, განთავსების საშუალებათა გაზრდილი მიწოდების პირობებშიც კი საქართველოში არსებული ბრენდირებული სასტუმროები 53.1%-იანი დატვირთვით ფუნქციონირებს.
2025 წელს სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტის ზრდის შესახებ საუბრობს HSC Group Hospitality - ს დამფუძნებელი გიორგი დოლიძე.
"ჩვენს სასტუმროებში წლიდან წლამდე გვაქვს მზარდი სტატისტიკა დატვირთულობისა და საფასო პოლიტიკის კუთხით. 2023 წელს 2024 - ს თუ შევადარებთ, დატვირთულობა გაიზარდა საშუალოდ 8-10%-ით, ხოლო ფასების აწევა შევძელით 15%-მდე ნიშნულით. 2023 წელი საშუალოდ 65% გვქონდა, რაც შეეხება 2024 - ს, გადავაჭარბეთ 70%-იან დატვირთულობას. 2025 ში გვაქვს მოლოდინი რომ 75% "ოქუფანსის" დავდებთ გაზრდილი ფასებით. 2024 წელთან შედარებით, 2025 ში ფასები 10% ით გავზარდეთ და ამ ტენდენციას ვინარჩუნებდით კოვიდის შემდგომ ყოველ მომდევნო წელს. გამომდინარე იქიდან, რომ იანვარი და თებერვალი თბილისისთვის ყველაზე დაბალი სეზონის ყველა ცუდი თვეებია, ამჟამად ვიმყოფებით 45%-55% დატვირთულობის ფარგლებში, რაც 3-5% ით მეტია 2024 წლის იანვარ - თებერვალთან შედარებით. საქართველოში წლიდან წლამდე მზარდია ბრენდული სასტუმროების სანომრე ფონდზე მოსული დატვირთვა, მზარდია ასევე გამოცხადებული ფასებიც. უახლოეს მომავალში, საქართველოში, 15-მდე საერთაშორისო ბრენდი ობიექტის გახსნაა დაგეგმილი, რაც ცხადყოფს ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესს ინვესტორებისა და ასევე ბრენდების მხრიდან. თუ 10-15 წლის წინ რომელიმე ბრენდის შემოყვანა დაკავშირებული იყო საკმაოდ კომპლექსურ მოსამზადებელ კვლევებსა და სამუშაოებთან და თან ახლდა უამრავი რთული ნაბიჯი, დღეს ეს ყველაფერი ძალიან გამარტივებულია, რადგან ქვეყანამ ტურიზმის მიმართულებით თავი კარგად გამოაჩინა და თითქმის ყველა ბრენდისთვის საინტერესო ლოკაციად მოინიშნა მსოფლიო რუკაზე",-აცხადებს HSC Group Hospitality - ს დამფუძნებელი გიორგი დოლიძე.
სხვა სიახლეები
2026 წლის I კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 287.9 ათასით განისაზღვრა - საქსტატი
25.05.2026.11:15
2026 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 287.9 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 584.0 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 2.0 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2026 წლის I კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 665.0 ათასით განისაზღვრა, რაც 6.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 36.2 პროცენტი, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.0 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 37.2 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 15.2 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.
2026 წლის I კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (54.7 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 415.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 322.4 ათასი ვიზიტი თვეში).
2026 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 273.6 მილიონი ლარით, რაც 12.9 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 7.4 პროცენტით და 172.7 ლარს გაუტოლდა.