საქართველო ITB China ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება
აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ITB CHINA 2026-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება, რაც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და ტურისტული ნაკადების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
“|სულ რამდენიმე დღე დარჩა და ჩინეთში, შანხაიში ITB China-ზე საქართველო პარტნიორის სტატუსით წარდგება. სამი დღის განმავლობაში, ყველაზე საუკეთესო ადგილზე, საქართველოს პავილიონში წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურა, გასტრონომია, ისტორია. ასევე, ჩვენთან ერთად კერძო სექტორის 30 წარმომადგენელი დაამყარებს ახალ ბიზნეს ურთიერთობებს, იმისთვის, რომ ერთობლივად ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ საქართველოში.
ეს ღონისძიება, საქართველოს ცნობადობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს. 25 მაისს ჩვენ გვაქვს მიღება, სადაც მაღალი რანგის სტუმრებს, სტუმარ-მასპინძლობის და ავიაციის ინდუსტრიიდან, გავაცნობთ საქართველოს კულტურას, გასტრონომიას, მოვუყვებით ჩვენი დიდი ისტორიის ქვეყნის შესახებ და დავპატიჟებთ მათ საქართველოში“,-აღნიშნავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
საქართველოს შესახებ მომზადდა ვიდეორგოლები, რომლებიც ჩინური მედიითა და ციფრული არხებით გაშუქდება.
შანხაის გამოფენა მაღალი რანგის სტუმრების მიერ საქართველოს სტენდის დათვალიერებით დაიწყება. მათ საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართულ კულტურასა და ტურისტულ პოტენციალს, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო.
ქვეყნის ეროვნულ სტენდს შანხაიში 400 კვადრატული მეტრი დაეთმობა. მოეწყობა სამუშაო სივრცე, სადაც მონაწილე ქართულ ტურისტულ კომპანიებს საშუალება ექნებათ, გამართონ შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან. გამოფენის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული სტენდის სტუმრებს, სამი დღის განმავლობაში, საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიას, ღვინოს.
საქართველოს პავილიონში, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენის ვიზიტორები ქართული რეწვის ნიმუშებს გაეცნობიან და ინფორმაციას მიიღებენ საქართველოს მუზეუმებისა და ფონდებში დაცული კოლექციების შესახებ. ITB China-ს ფარგლებში ჩატარდება რეწვისა თუ ქართული კალიგრაფიის მასტერკლასები.
გამოფენის მსვლელობისას, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, ქართული ეროვნულ ცეკვებსა და სიმღერებს გაეცნონ - წელს შანხაის გამოფენაზე კულტურულ ღონისძიებას ანსამბლი „რუსთავი“ გამართავს.
ITB China-სთვის საგანგებოდ ემზადება შეფ-მზარეული ირაკლი ასათიანი, რომელიც გამოფენის სტუმრებს ქართულ კერძებს გააცნობს და მასტერკლასებს გამართავს.
გამოფენის გახსნამდე, 25 მაისს საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება გაიმართება, რომელსაც 700-მდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ქართული კერძები, გაეცნონ ქართული გასტრონომიის ისტორიას, კულტურასა და საქართველოს ტურისტულ მიმართულებას.
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება
27.10.2026.18:18
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის დასკვნითი საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ბანკი და იელთი ჯგუფი. პროექტის პრეზიდენტია ელენე ოთარაშვილი, მმართველი პარტნიორები - ნიკოლოზ სირაძე და ერეკლე მეფისაშვილი.
„2026 წელს პროექტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. დაჯილდოების ფორმატი ინდუსტრიის განვითარების პლატფორმად ჩამოყალიბდა. განახლდა ნომინაციების სისტემა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილებაზე დაფუძნებულ ტურიზმს, ადგილობრივ და ავთენტურ ტურისტულ პროდუქტებს, ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და სტარტაპებს. წელს კონკურსში 190 ნომინანტი მონაწილეობს. საზეიმო ცერემონიაზე გამარჯვებულები 35 ნომინაციაში გამოვლინდებიან“ - ელენე ოთარაშვილი; ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტი
პროექტის მიზანია სტუმარმასპინძლობის მიღწევების აღიარება, ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და პროფესიონალიზმის გაძლიერება ინდუსტრიაში.
2026 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გახდა ტურიზმის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ნომინაციებში დამატება, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტურიზმის სფეროში ხარისხიანი აკადემიური განათლების წახალისებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ინდუსტრიას შორის კავშირის გაძლიერებისთვის და მომავალი პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობისთვის.
დაინერგა შეფასების ახალი მეთოდოლოგია და კრიტერიუმები, რომლებიც დაეფუძნა უახლეს პრაქტიკას და საერთაშორისო სტანდარტებს. ჩამოყალიბდა ჟიურის ახალი შემადგენლობა. შეფასების პროცესს წარმართავდა საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონი“.
პირველად პროექტის ისტორიაში შეფასების სისტემაში ინტეგრირდა „მისტიური სტუმრის“ კომპონენტი. ამ მიმართულებით პროექტში ჩაერთნენ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტები, რამაც საშუალება მოგვცა, გაგვეძლიერებინა და ახალ ხარისხში აგვეყვანა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროფესიული სანდოობა.
პროექტის საგანმანათლებლო მიმართულების ფარგლებში, სტუმარმასპინძლობის სფეროს შუა და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის გაიმართა ვორქშოპი: სტრატეგიული ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ვორქშოპს მაღალი კლასის საერთაშორისო ექსპერტები: ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი უძღვებოდნენ.
2026 წელს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ქოლგის ქვეშ შეიქმნა პოდკასტი TOURISM TALKS, სივრცე ღია და გულწრფელი დიალოგისთვის ტურიზმის რეალურ გამოწვევებზე, პრობლემებზე, შეცდომებზე, ადამიანებზე, იდეებსა და ინიციატივებზე. პოდკასტი გახდა ერთგვარი ხმა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქართულ ტურიზმს.
განვითარების ახალ ეტაპზე გაფართოვდა პროექტის პარტნიორთა ეკოსისტემა, რომელმაც გააერთიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, საერთაშორისო და ადგილობრივი კერძო კომპანიები, პროფესიული ასოციაციები, სასწავლო დაწესებულებები და დიპლომატიური წარმომადგენლობები.
28 ოქტომბერს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე სტუმრებს ელოდებათ გამარჯვებულების გამოვლენა, სპეციალური ჯილდოების გადაცემა და ქართული მუსიკის შედევრები სიმფონიური ორკესტრის შესრულებით, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. ეს იქნება ქართული ტურიზმის დიდი დღესასწაული: საუკეთესო მიღწევების, პროფესიონალიზმის და იმ ადამიანების აღიარება, რომლებიც ინდუსტრიის განვითარებას ქმნიან.