საქართველო საერთაშორისო პლატფორმა Global Travel Awards-ის გამარჯვებულია
საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმაზე Global Travel Awards საქართველომ 2026 წლის საუკეთესო განვითარებადი ტურისტული მიმართულების „Best Emerging Travel Destination“ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს „საუკეთესო განვითარებად ტურისტული მიმართულებად“ აღიარება მოწმობს, რომ ქვეყანა სწრაფად განვითარებად, საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებად აღიქმება, რომელიც მთელ მსოფლიოდან სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განმარტებით, Global Travel Awards-ის ჯილდო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას ბრიტანეთის ბაზარზე, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
„საქართველომ, როგორც ახალმა განვითარებადმა ტურისტულმა დანიშნულების ადგილმა, ლონდონში „Global Travel Awards“-ზე საუკეთესო ადგილის ჯილდო მიიღო. ამ გამოკითხვაში, სადაც ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებდა მონაწილეობას, მოგზაურებმა განსხვავებულ ახალ მიმართულებად საქართველო დაასახელეს. დიდი ბრიტანეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, პირდაპირ ფრენებს როგორც „EasyJet“ ასევე „ბრიტანეთის ავიახაზები“ ასრულებენ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ბრიტანელი მოგზაურების რაოდენობა. ჩვენ მუდმივად გვაქვს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები - იქნება ეს გამოფენები თუ კამპანიები დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. ვფიქრობთ. ეს გამარჯვება ხელს შეუწყობს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ცნობადობის გაზრდას და ბევრად მეტ ბრიტანელ მოგზაურს ველოდებით ჩვენს ქვეყანაში.“ -აღნიშნა მაია ომიაძემ.
Global Travel Awards-ის პლატფორმაზე ჯამში 5,700,000-ზე მეტი ხმა დაფიქსირდა, კონკურსი 33 კატეგორიას და 150-ზე მეტ მიმართულებას მოიცავდა, მათ შორის: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, იაპონია და სხვ.
გამოკითხვაში ფართო საერთაშორისო აუდიტორია, მოგზაურები, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები და პროფესიონალები მონაწილეობდნენ.
Global Travel Awards ლონდონში მოქმედი საერთაშორისო ტურისტული პლატფორმაა, რომელიც გამოკითხვებს ყოველწლიურად, ღია კენჭისყრის წესით ატარებს და გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციაში ავლენს.
სხვა სიახლეები
აჭარის პოპულარიზაცია პოპულარულ ტურისტულ პლატფორმაზე Toncheng Travel იგეგმება
29.04.2026.12:08
ჩინეთის წამყვან ონლაინ ტურისტული პლატფორმაზე ,,Toncheng Travel’’ აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია იგეგმება. მასშტაბური ციფრული პლატფორმა, რომელიც რამდენიმე მილიონიან აუდიტორიას მოგზაურობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისებს სთავაზობს, აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. გვერდის მარკეტინგის ხელმძღვანელმა აჭარაში მიმდინარე კვირას იმოგზაურა და თავად გამოსცადა ის ტურისტული პროდუქტები და სერვისები, რასაც აჭარა საერთაშორისო მოგზაურებს სთავაზობს.
Tongcheng Travel წარმოდგენილია სხვადასხვა სოციალურ პლატფორმასა და ციფრულ პორტალებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია WeChat-ის მინიპროგრამა, რომელიც ყოველთვიურად დაახლოებით 280 მილიონ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს, ასევე Weibo, სადაც კომპანიის გვერდს დაახლოებით 180,000 გამომწერი ჰყავს. აღნიშნულ პლატფორმებზე კონტენტის საერთო ჩართულობა (გაზიარებები, მოწონებები და კომენტარები) დაახლოებით 1.5 მილიონს აღწევს, რაც უზრუნველყოფს მასალების მაღალ ხილვადობასა და მომხმარებელთან ეფექტურ კომუნიკაციას. ტურის ფარგლებში შექმნილი სარეკლამო მასალის გამოყენება Toncheng travel-ის სოციალური არხების მეშვეობით იგეგმება, რაც აჭარის რეგიონის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
მიმდინარე წლის მარტიდან, პოპულარულ ჩინურ პლატფორმებზე Douyin, Red Note და Weibo ასევე მიმდინარეობს აჭარის 9 თვიანი სარეკლამო კამპანია. კამპანიის ფარგლებში, აღნიშნულ გვერდებზე შეიქმნა ბათუმის საპრომოციო გვერდი Visit Batumi, რომლის მეშვეობით გვერდის მომხმარებლებს აჭარის და ზოგადად, საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ მიეწოდებათ ინფორმაცია. კამპანიის ფარგლებში, ჩინური გვერდების მილიონობით მომხმარებელი ეცნობა აჭარის სამთო-სათავგადასავლო, ეკოტურისტულ და საზღვაო ტურისტულ ადგილებს და წარმოდგენას იქმნის ბათუმის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზდველი ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს წელს შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც წარადგენს, რომელზეც საქართველო ITB CHINA 2026-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.