საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin მონაწილეობს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბერლინში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, ასევე იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციებთან ერთად არის წარდგენილი. გამოფენაში 15-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს.
ITB Berlin-ზე, საქართველოს სტენდთან, გამოფენის ვიზიტორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან, ინფორმაციას იღებენ ტურისტული ადგილების, კურორტებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ. საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო.
ITB Berlin-ზე ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია, გამოფენზე 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა
24.07.2026.15:10
მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორისთვის უსასყიდლო ტრენინგებს აგრძელებს.
ადმინისტრაციის ორგანიზებით, სტუმარმასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტმა, ჯული პილკინგტონმა სასწავლო კურსი „Sales Excellence“ (გაყიდვების ეფექტიანობა) ჩაატარა.
ტრენინგს ტურიზმის ინდუსტრიის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ გაყიდვების თანამედროვე მიდგომებს, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, კლიენტის საჭიროებების ანალიზს, გარიგებების წარმატებით დასრულებასა (Closing) და ანგარიშების მართვას (Account Management).
ტრენინგი შემდეგ თემებს მოიცავდა:
• გაყიდვების წარმატების საფუძვლები;
• ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
• ორგანიზაციის ღირებულებებისა და შესაძლებლობების გააზრება;
• კლიენტის საჭიროებების ანალიზი;
• გარიგების წარმატებით დასრულება (Closing);
ჯული პილკინგტონს 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროში. მუშაობდა წამყვან საერთაშორისო კომპანიებსა და სასტუმრო ბრენდებში ავსტრალიაში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც ხელმძღვანელობდა გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, მარკეტინგისა და ოპერაციული მართვის მიმართულებებს. არის სერტიფიცირებული ტრენერი სტუმარმასპინძლობის სფეროში და აქვს თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში ტურიზმის სექტორში ჩართულ პირებთან.
ჯული პილკინგტონმა 2017 და 2018 წლებში ტრენინგები ჩაატარა ტურიზმისა და მომსახურების ხარისხის განვითარების მიმართულებით. ამჟამად იკავებს Senior Account Manager-ის პოზიციას კომპანია Nuvho-ში და მუშაობს სასტუმროების სტრატეგიული განვითარების, გაყიდვებისა და ბიზნესპარტნიორობების მიმართულებით.