საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ახალი ტერმინალი წელიწადში დაახლოებით 50 ათასი მგზავრის მომსახურებაზე იქნება გათვლილი. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მესტიის აეროპორტის მოქმედი ტერმინალი მცირე ზომისაა და გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში არსებულ მოთხოვნას სრულად ვეღარ პასუხობს. ახალი ტერმინალის მშენებლობა გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების პირობებს და აეროპორტს გაზრდილი მგზავრთნაკადის ეფექტიანად მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მესტიის აეროპორტის განვითარების პროექტი რეგიონული აეროპორტების განვითარების ერთიანი ხედვის ნაწილია. მისი განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის შიდა საჰაერო დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, სვანეთში საჰაერო ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის ზრდას და რეგიონში ტურისტული და საქმიანი ნაკადების განვითარებას.
ახალი ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი კომპანია Green Studio-მ შეიმუშავა, რომელმაც შესაბამის არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის მომზადებისას გათვალისწინებულია სვანეთის კლიმატური პირობები, ადგილობრივი არქიტექტურის თავისებურებები და არსებული ინფრასტრუქტურა.
სატენდერო წინადადებების წარდგენა 25 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
სხვა სიახლეები
2026 წლის III კვარტალში სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი გაიზარდა როგორც თბილისში, ისე ბათუმში | Galt & Taggart
22.10.2026.21:59
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის 2026 წლის III კვარტლის შეჯამება" აქვეყნებს.
ვიზიტების დინამიკა:
2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 2.1 მლნ-ს მიაღწია, რაც წლიურად 4.7%-იანი ზრდაა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 2.8%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.
ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+16.6% წ/წ), რუსეთიდან (+4.7% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+36.2% წ/წ) ვიზიტების მატებამ განაპირობა. აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა, ისრაელიდან ვიზიტები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, რაც ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული ტურისტული შეფერხებების შემსუბუქებას და დაგროვილი სამოგზაურო მოთხოვნის რეალიზებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდანაც (+30.2% წ/წ), რასაც ხელი შეუწყო საჰაერო კავშირების გაუმჯობესებამ, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედებამ.
ამავდროულად, ვიზიტები შემცირდა თურქეთიდან (-7.4% წ/წ), სომხეთიდან (-4.0% წ/წ) და ინდოეთიდან (-25.9% წ/წ). თურქეთიდან კლება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებამ გამოიწვია, ხოლო ინდოეთიდან ვიზიტების კლება კვლავ IndiGo-ს მიერ ფრენების შეწყვეტით იყო განპირობებული. სუსტი დინამიკა შენარჩუნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, მათ შორის საუდის არაბეთიდან ვიზიტები წლიურად 32.8%-ით შემცირდა.
2026 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. საერთო მაჩვენებლის სტაბილურობის მიუხედავად, ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლნ შეადგინა, ერთდღიანი ვიზიტები კი 9.0%-ით შემცირდა და 0.9 მლნ შეადგინა.
შემოსავლები ტურიზმიდან:
2026 წლის III კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ზრდა ძირითადად რუსეთიდან (+32.3% წ/წ), ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) და ისრაელიდან (+24.8% წ/წ), ასევე უკრაინიდან (+52.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+18.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ამასთან, ვიზიტების კლების შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან (-31.9% წ/წ) და თურქეთიდან (-11.5% წ/წ).
ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.