საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთის უმსხვილეს გამოფენაზე OTM Mumbai 2026 გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინდოეთში, მუმბაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში OTM Mumbai 2026 მიიღო მონაწილეობა.
ინდოეთში უმსხვილეს და აზიის ქვეყნებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 32 კერძო კომპანიასთან და სახელმწიფო ორგანიზაციასთან ერთად წარდგა.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან ქვეყნის ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
OTM Mumbai 2026-ის სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს საქართველოს კურორტებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ.
OTM Mumbai 2026-ზე, B2B ფორმატში, შეხვედრები შედგა ინდურ კომპანიებთან ინდოეთიდან საქართველოში მაღალმხარჯვეული ტურისტული სეგმენტის მოსაზიდად. ქართული სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა ინდოელ კოლეგებთან თანამშრომლობისა და საქართველოში ტურისტული პაკეტების შემუშავების თემები განიხილეს.
მუმბაის ტურისტულ გამოფენას 50 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, OTM Mumbai 2026-ზე 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1000-ზე მეტი კომპანია იყო წარდგენილი.
სხვა სიახლეები
Delfi Estonia აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს
18.09.2026.15:08
ესტონეთის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინმედია Delfi Estonia აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ვრცელ სტატიას უძღვნის. გამოცემა მკითხველს რეგიონში მოგზაურობის შესაძლებლობებს, ბათუმის ტურისტულ პროდუქტებს, აჭარის ბუნებას, კულტურას, სამზარეულოსა და აქტიური ტურიზმის მიმართულებებს აცნობს.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პოტენციალზე. გამოცემა აღნიშნავს, რომ რეგიონი ვიზიტორებს ზღვისპირა დასვენებასთან ერთად მთიანი აჭარის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის შესაძლებლობას სთავაზობს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბათუმს, როგორც რეგიონის მთავარ ტურისტულ ცენტრს, მის ისტორიულ ნაწილს, ბულვარსა და თანამედროვე არქიტექტურას.
,,სწორედ ლანდშაფტის მრავალფეროვნება და აქტივობების სიმრავლე აქცევს ბათუმსა და აჭარას სხვადასხვა ინტერესის მქონე მოგზაურებისთვის შესანიშნავ მიმართულებად. ერთი დღე შეგიძლიათ ბათუმის ძველი ქალაქისა და ზღვისპირა ბულვარის აღმოჩენას დაუთმოთ, მეორე — მტირალას ტყეებში ლაშქრობას, მესამე კი ქედის ღვინის მარნებსა და მთიან სოფლებში მოგზაურობას,“ წერია სტატიაში.
Delfi Estonia ასევე მიმოიხილავს კულინარიასა და ღვინის კულტურას. გამოცემა მკითხველს ადგილობრივ კერძებსა და ქედის მარნებს აცნობს და ხაზს უსვამს ქართული სტუმარმასპინძლობის მნიშვნელობას.
,,როდესაც ბათუმზე, აჭარასა და ზოგადად საქართველოზე ვსაუბრობთ, ადგილობრივ კულინარიას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. რეგიონის სამზარეულო მდიდარი და გამორჩეულია, ხოლო სუფრაზე ხშირად შეხვდებით კერძებს, რომელთა მომზადებისას გამოიყენება ყველი, კარაქი, კვერცხი, ნიგოზი, ახალი ბოსტნეული და მწვანილი.“
სტატიის მიხედვით, აჭარა საინტერესო მიმართულებაა აქტიური დასვენების მოყვარულთათვისაც. რეგიონში 25 მარკირებული საფეხმავლო მარშრუტია, ვიზიტორებს შეუძლიათ კემპინგი, ველო და საცხენოსნო ტურები, რაფტინგი და სხვა აქტივობები. გამოცემა ასევე საუბრობს ზამთრის ტურიზმის შესაძლებლობებზე და გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტზე.
Delfi Estonia ესტონეთში ერთ-ერთი წამყვანი სამოგზაურო პლატფორმაა. მას ონლაინ სივრცეში ყოველთვიურად 700, 000 მდე უნიკალური მკითხველი ჰყავს.
სტატიის ლინკი იხილეთ :