საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტოკიოს საერთაშორისო გამოფენაში Tourism EXPO Japan მონაწილეობს
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული გამოფენა Tourism EXPO Japan გაიმართა.
გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ სამუშაო შეხვედრები გამართა იაპონიის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან, PR და მარკეტინგულ სააგენტოებთან, წამყვან ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრებზე იაპონიიდან ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკა და იაპონურ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ამაღლების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განვითარების პერსპექტივებს, მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და საქართველოს, როგორც ოთხი სეზონის მიმართულების, პოზიციონირებას.
პარალელურად, საქართველოს სტენდზე მოეწყო პრეზენტაციები, სადაც იაპონური მედიისა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ პროდუქტებს.
გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კერძო სექტორის ათამდე კომპანია მონაწილეობდა.
Tourism EXPO Japan-ზე 80-ზე მეტი ქვეყანა და რეგიონი იყო წარდგენილი. გამოფენაზე 1 300-ზე მეტი ტურისტული, ავიაკომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. ვიზიტორთა რაოდენობა კი დაახლოებით, 180 ათასი იყო.
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი ბარსელონაში, საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა
20.11.2026.12:11
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ბარსელონაში, საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში, „IBTM World Barcelona 2026“ მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს ეროვნულ სტენდთან, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 10-მდე ქართული ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.
ვიზიტორები სამი დღის განმავლობაში საქართველოს საქმიანი ტურიზმის შესაძლებლობებსა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობოდნენ. გამოფენის ფარგლებში მოეწყო სპეციალური პრეზენტაციები და B2B ფორმატის შეხვედრები. საქართველოს სტენდთან გამართულ აქტივობებს ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ბექა ზარანდია ესწრებოდა.
„IBTM World Barcelona“ მსოფლიოში საქმიანი (MICE) ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი გლობალური პლატფორმაა. წლევანდელ გამოფენაში 2 500-ზე მეტი კომპანია და ტურისტული მიმართულება და 12 000-ზე მეტი სპეციალისტი იღებდა მონაწილეობას.

საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გლობალურ ბაზარზე ქვეყნის საქმიანი ტურიზმის პოტენციალის წარმოჩენას, უცხოელ პარტნიორებთან კავშირების გაღრმავებასა და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.