სასტუმრომ ივლისის თვეში ფაქტობრივად პიკურ, 85%-იან დატვირთულობას მიაღწია - ევროპელი ტურისტებისთვის საქართველო სულ უფრო მიმზიდველი მიმართულება ხდება, რაც ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს l სასტუმრო „ინდიგოს“ მენეჯერი
ბათუმში მდებარე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „ინდიგო“ ზაფხულის პირველ ტურისტულ სეზონს მაღალი დატვირთვით ხვდება.
სასტუმროს აღმასრულებელი მენეჯმენტის წარმომადგენლის მაია მახათაძის განცხადებით, 2025 წლის დეკემბერში გახსნილი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ყოველთვიურ ზრდას აჩვენებს და ივლისში 85%-ზე მეტ დატვირთვას მიაღწია. მომდევნო თვეების ჯავშნების მნიშვნელოვანი ნაწილიც უკვე მიღებულია, რაც სეზონის წარმატებით გაგრძელების მოლოდინს ქმნის.
„სასტუმრო „ინდიგოსთვის“ ეს გახლავთ პირველი წლის ციკლი. თითოეული თვე არის წინაზე უკეთესი და ივლისის თვეში ფაქტობრივად პიკურ, 85%-იან დატვირთულობას მიაღწია, რაც, ახალგახსნილი სასტუმროსთვის, ნამდვილად სასურველი შედეგია. ამასთან, ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს წინასწარი ჯავშნების ნაწილშიც: აგვისტოსა და სექტემბერ-ოქტომბრის ჯავშნების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მიღებული გვაქვს. საკმაოდ საინტერესო სეგმენტს მასპინძლობს ჩვენი სასტუმრო.
მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან გვაქვს, როგორიც არის სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე ბრიტანეთიდან სტუმრები. ცენტრალური ევროპაც ძალიან საინტერესო მიმართულებად ჩამოყალიბდა ჩვენთვის. საერთოდ, ევროპელი ტურისტებისთვის საქართველო სულ უფრო მიმზიდველი მიმართულება ხდება, რაც ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს.” - აღნიშნავს მაია მახათაძე.
სხვა სიახლეები
მსოფლიო დონის გასტრონომიული ექსპერტები და გავლენიანი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
13.08.2026.16:24
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და „გასტროტურის“ მოწვევით, საქართველოს მსოფლიოში აღიარებული გასტრონომიული ექსპერტები, Michelin Guide-ის, Forbes-ის, The World's 50 Best-ის ჟურნალისტები, კულინარიული მკვლევრები, დოკუმენტალისტები, ინფლუენსერები და შეფ-მზარეულები ეწვივნენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურის ფარგლებში სტუმრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვივნენ, გაეცნენ ადგილობრივ პროდუქტებს, ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციებს, რეგიონულ კულინარიასა და თანამედროვე ქართულ გასტრონომიულ ტენდენციებს. სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია.
ტურის მიზანია საქართველოს, როგორც გლობალური გასტრონომიული დანიშნულების ადგილის წარმოჩენა, ქართული კულინარიული მემკვიდრეობის, თანამედროვე სამზარეულოს, ქართული მეღვინეობისა და ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაცია მსოფლიოს წამყვან მედიაპლატფორმებზე.