საზაფხულო სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა - აგვისტოს თვეზე მოთხოვნა პიკს აღწევს l შეკვეთილის სასტუმრო „მირაჟი“
შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „მირაჟში“ ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. სასტუმროს წარმომადგენლის ბარბარე მახარაძის შეფასებით, 20 ივლისიდან მოთხოვნა საგრძნობლადაა გაზრდილი. სასტუმროს სტუმრებს შორის საქართველოს მოქალაქეები და უცხოელი ტურისტები თითქმის თანაბრად არიან წარმოდგენილი.
“სტუმრების დაახლოებით 45% ქართველია, 20% – სომხეთიდან, 20% – ბალტიის ქვეყნებიდან, ხოლო დარჩენილი 15% ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. სტუმრები ძირითადად ერთ კვირამდე პერიოდით რჩებიან,“ – აღნიშნავს ბარბარე მახარაძე.
სასტუმროს წარმომადგენლის განცხადებით, ზაფხულის დასაწყისში არასტაბილურმა ამინდებმა სტუმრების ნაკადზე გარკვეული გავლენა იქონია, თუმცა აგვისტოსთვის ნომრების უმეტესობა უკვე წინასწარ არის დაჯავშნილი და სეზონის ყველაზე მაღალი აქტივობა სწორედ ამ პერიოდშია მოსალოდნელი. მისი შეფასებით, სასტუმროს მაღალ დატვირთულობას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
„სტუმრების სტაბილური ნაკადი და პოზიტიური გამოხმაურებები გვაძლევს საფუძველს, მიმდინარე სეზონი წარმატებულად შევაფასოთ. აგვისტოსთვის სასტუმრო უკვე სრულიად დატვირთულია და ნომრების უმეტესობა წინასწარ არის დაჯავშნილი. ველოდებით, რომ სეზონის ყველაზე აქტიური სწორედ ამ პერიოდში იქნება. ვფიქრობთ ჩვენთვის აქტიურ სეზონს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის სასტუმროს მრავალწლიანი რეპუტაცია და მომსახურების ხარისხი და ვიტყოდი რომ ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ კამპანიებსა და ღონისძიებებს ზღვისპირეთში ტურიზმის გასააქტიურებლად, იქნება ეს გემო-ფესტი, დაგეგმილი კონცერტები თუ თანამშრომლების კვალიფიკაციისთვის ჩანიშნული ტრენინგ-კურსები”.- აცხადებს სასტუმრო „მირაჟის“ წარმომადგენელი.
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს | მაია ომიაძე
06.10.2026.20:17
ყვარლის მუნიციპალიტეტში საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე ტურიზმის სექტორში არსებული მდგომარეობა, მიღწეული შედეგები და განვითარების სამომავლო გეგმები მიმოიხილეს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ პარლამენტის წევრებს უწყების საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით 5,9%-ით მეტია. ამასთან, 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს - 5,521,866 ვიზიტს მიაღწია. მისივე თქმით, 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2025 წელს განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც სამიზნე ბაზრებზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და შიდა ტურიზმის წახალისებას ემსახურება. ასევე, განიხილეს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული და მიმდინარე ტურისტული პროგრამები და პროექტები.
მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს მარკეტინგული აქტივობა 35 ქვეყანას მოიცავდა.
საუბარი ასევე შეეხო 2026 წელს დაგეგმილ ღონისძიებებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო შანხაიში, აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე — ITB China 2026-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ღონისძიების ფარგლებში საქართველო ფართო აუდიტორიას საკუთარ კულტურას, გასტრონომიას, ღვინოსა და ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ტურიზმის სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს რეგიონების ტურისტული პოტენციალის ათვისებასა და წარმოჩენას. აღინიშნა, რომ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი, კულტურული და ისტორიული რესურსებით, რაც ტურისტული მიმართულებების მრავალფეროვნებისა და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა.
ხაზი გაესვა ტურიზმის განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობასა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობას. როგორც აღინიშნა, კულტურული და შემოქმედებითი რესურსების ტურისტულ პროდუქტებში ინტეგრირება ხელს უწყობს რეგიონების უნიკალური იდენტობის წარმოჩენას და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.