სერვისის გაუმჯობესების გარეშე ჩვენ ვერც მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვას შევძლებთ და ვერც ბიზნეს ტურიზმის განვითარებას - ნატა კვაჭანტირაძე
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის, ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, პანდემიამ კიდევ ერთხელ აჩვენა ადგილობრივი ტურიზმის მნიშვნელობა და მისი განვითარება აუცილებელია როგორც ბიზნესის შედეგიანობისთვის, ისე ქვეყნის შიგნით მოგზაურობის კულტურის შესაცვლელად.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ნატა კვაჭანტირაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობის დანახარჯები, რომლებიც ხშირად საერთაშორისო ან მეზობელ ქვეყნებზე გადის, ქვეყნის შიგნით დარჩეს და ადგილობრივ ეკონომიკას მოხმარდეს.
„ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი კურორტები და უმაღლესი დონის სასტუმრო ინფრასტრუქტურა. პანდემიის პერიოდში სწორედ შიდა ტურიზმის გააქტიურებამ გადაარჩინა რეგიონებში არსებული სასტუმრო ბიზნესი, რაც ძალიან თვალსაჩინო მაგალითი იყო.
ზოგადად, ბევრი განვითარებული ქვეყნისთვის ადგილობრივი ტურიზმი სექტორის შემოსავლების უმთავრესი წყაროა. მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში მოსახლეობის ცნობიერება იმდენად მაღალია, რომ ისინი გაცნობიერებულად ცდილობენ, საკუთარი ფინანსური რესურსი ქვეყნის გარეთ არ გაიტანონ და ადგილობრივ ეკონომიკასა თუ ბიზნესს მოახმარონ, რისთვისაც საკმაოდ სოლიდურ დანახარჯებსაც აკეთებენ. იქ უამრავი წამახალისებელი სახელმწიფო თუ კერძო ინიციატივა არსებობს, რაც ბიზნესებს აძლევს ხელსაწყოებს, კიდევ უფრო აქტიურად იმუშაონ ადგილობრივ ბაზარზე“, - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, განათლება და ტურიზმი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მიმართულებებია და სერვისის გაუმჯობესება პირდაპირ პროფესიული განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ტურიზმის ასოციაციას ამ მიმართულებით სხვადასხვა ინიციატივა აქვს და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებს ყოველწლიურ კონფერენციაზე განიხილავს.
კვაჭანტირაძის განმარტებით, ივნისში დაგეგმილია კონფერენცია თემაზე „ტურიზმი და განათლება“, სადაც ჩართული იქნებიან როგორც საგანმანათლებლო ინსტიტუტები, ისე შესაბამისი ორგანიზაციები, რომლებიც განათლების ხარისხზე არიან პასუხისმგებელი.
„ერთობლივად უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა გვჭირდება სერვისის გასაუმჯობესებლად. მოგეხსენებათ, როდესაც დარგის გამოწვევებზე ვსაუბრობთ, სერვისის ხარისხი ყოველთვის მთავარი თემაა; მისი გაუმჯობესების გარეშე ჩვენ ვერც მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვას შევძლებთ და ვერც იმ შედეგებზე გასვლას, რაც ბიზნეს ტურიზმის განვითარებისთვისაა აუცილებელი.
ეს კოლაბორაცია უაღრესად ეფექტური იქნება, რადგან აქ ინტერესთა თანხვედრა ხდება. კერძო სექტორი ნათლად ხვდება, რომ აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა იმ სასწავლო დაწესებულებებთან, რომლებიც მათთვის მომავალ კადრებს ამზადებენ. ბიზნესს კარგად აქვს გააზრებული, რომ სტაჟირების პროგრამებისა და სტუდენტების ადგილზე დასაქმების გზით, ისინი თავად ხდებიან კვალიფიციური მუშახელის გაზრდის თანამონაწილენი.
ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ შრომატევადი, გრძელვადიანი და დროში გაწერილი პროცესია, თუმცა თუ დღეს არ დავიწყეთ, შედეგს ვერასდროს მივიღებთ. სწორედ ამ სტრატეგიულ ინიციატივებზე ვმუშაობთ ახლა“, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე.
სხვა სიახლეები
15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება
14.07.2026.10:48
15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება. China Eastern Airlines რეისებს კვირაში 3-ჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.
China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.
ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. უვიზო რეჟიმთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება.
ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი: