შანხაი ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგანაც არის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი - თამარ იოსელიანი
„შანხაი არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება, რადგანაც არის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრი" - ასე აფასებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ჩინური ავიაკომპამნიის China Eastern Airlines-ის შემოსვლას, რომელიც შანხაი-თბილისი-შანხაის საჰაერო ხაზზე მოახდენს ოპერირებას.
როგორც თამარ იოსელიანი აცხადებს, დღეიდან საქართველოს დედაქალაქი პირდაპირი ავიამიმოსვლით დაუკავშირდება შანხაის.
„შანხაი არის ასევე ჰაბი აზიაში, რომელიც შემდგომ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სხვა მიმართულებებზეც მოხდეს დაკავშირება. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტის აღნიშვნა. ჩვენ გადავედით სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, გაღრმავდა თანამშრომლობა, შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ის შედეგი, რომელიც მოიტანა ამ სტრატეგიულმა თანამშრომლობამ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საავიაციო სექტორში ჩინეთთან დაკავშირებადობა ძალიან პოზიტიურია
„როგორც იცით, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით სამი ავიაკომპანია ოპერირებს და კვირაში უკვე 13-ის სიხშირით იქნება შესაძლებელი, რომ ჩინეთს დავუკავშირდეთ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ჩინეთთან გავაღრმაოთ როგორც ბიზნეს ურთიერთობები, ასევე ხალხთაშორისი კავშირები და ტურისტული ნაკადები მოვიზიდოთ, რაც დამატებითი შემოსავლების წყარო ხდება ჩვენი ეკონომიკისთვის", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში ჩინეთიდან მზარდია როგორც ტურისტების რაოდენობა ასევე მგზავრთნაკადიც.
„პირველ კვარტალში ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს და შეიძლება ითქვას, პირველ ნახევარშიც, დაახლოებით, 50%-იანი მატება გვაქვს ზოგადად მგზავრთნაკადის თვალსაზრისით, 44%-იანი მატება გვაქვს ტურისტული მიმართულებით. წინა წელსაც, დაახლოებით 45%-იანი მატება გვქონდა. შესაბამისად, ამ მიმართულებით ტენდენცია ძალიან მზარდია, რასაც ხელს უწყობს როგორც უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, ასევე ის კამპანიები, რომლებსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს ჩინეთის ბაზარზე. დაახლოებით, 7 მილიონი ლარის მარკეტინგული კამპანიები ჩაეშვა, რაც ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და შესაბამისად ეს უკვე ციფრებში აისახება. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი საჰაერო ხიდიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გავაღრმაოთ ურთიერთობები და შესაბამისად მოვიზიდოთ როგორც ტურისტები, ასევე ბიზნესურთიერთობები გავაღრმავოთ შანხაისთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან", - განაცხადა იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.1%-ით გაიზარდა 590 მლნ აშშ დოლარამდე - Galt & Taggart
10.08.2026.15:55
Galt & Taggart-ი ყოველკვირეული ბაზრების მიმოხილვას აქვეყნებს.
საკრედიტო რეიტინგი: 2026 წლის 7 აგვისტოს S&P-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. S&P-ის შეფასებით, პოზიტიური პერსპექტივა ასახავს ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას, გონივრულ ფისკალურ პოლიტიკას და რეკორდულად მაღალ საერთაშორისო რეზერვებს, რაც ამცირებს საქართველოს მოწყვლადობას გარე შოკების მიმართ. S&P რეიტინგის ამაღლებას განიხილავს, თუ საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდება ან ფისკალური მაჩვენებლები მოლოდინებს გადააჭარბებს.
საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2026 წლის ივლისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 49.9%-ით გაიზარდა და ახალი რეკორდული დონე 7.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით ივნისში რეზერვები 5.7%-ით გაიზარდა (+404.6 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და ასევე, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 აგვისტოს). აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 13.5%-ს შეადგენს.
ინფლაცია: 2026 წლის ივლისში სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით, რის შედეგადაც წლიური ინფლაცია 5.5%-მდე შემცირდა ივნისის 5.8%-დან. მთლიანი ინფლაციის შენელება ძირითადად განპირობებული იყო იმპორტირებული ინფლაციის (5.3%-მდე ივნისის 6.1%-დან) და შერეული საქონლის ინფლაციის (4.4%-მდე 6.2%-დან) შენელებით. ამავდროულად, ადგილობრივი ინფლაცია ივლისში 6.4%-მდე დაჩქარდა წინა თვის 5.7%-დან. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 3.5%-მდე გაიზარდა 2026 წლის ივლისში, წინა თვის 3.2%-ის შემდეგ.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2026 წლის ივლისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+4.9% წ/წ, +1.74პპ), ტრანსპორტი (+14.2% წ/წ, +1.66პპ), კომუნალურები (+8.3% წ/წ, +0.80პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+5.6% წ/წ, +0.36პპ), ჯანდაცვა (+4.7% წ/წ, +0.40პ), სასტუმროები და რესტორნები (+7.9% წ/წ, +0.27პპ), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-2.4% წ/წ, -0.13პპ) და კავშირგაბმულობა (-6.3% წ/წ, -0.20პპ).
ივლისში ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ნავთობის მსოფლიო ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, რაც, სავარაუდოდ, საქართველოში ენერგომატარებლების ფასების მოსალოდნელი შენელების ტემპზე იქონიებს გავლენას. აქედან გამომდინარე, 2026 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 4.8%-დან 5.1%-მდე გავზარდეთ.
ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.1%-ით გაიზარდა 590 მლნ აშშ დოლარამდე. ჯამურად, 2026 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმის შემოსავლები 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (უცვლელი წ/წ).
ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს, ხოლო 5.3 მლრდ აშშ დოლარს 2027 წელს.