შეხვედრა China Eastern Airlines-ის წარმომადგენლებთან - რა განიხილეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის დელეგაციას შეხვდნენ, რომელიც საქართველოში შანხაი-თბილისის პირველი პირდაპირი რეისით ჩამოვიდა.
როგორც მაია ომიაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტ მოგზაურს, აღმოაჩინოს საქართველო და გაეცნოს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს.
China Eastern Airlines-ის წარმომადგენლებთან საუბარი შეეხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და მარკეტინგულ აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდას.
ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ჩინეთი უმსხვილეს ტურისტულ ბაზრებს შორის მე-10 პოზიციას სტაბილურად ინარჩუნებს. ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ეფექტური პოზიციონირებისთვის, ბოლო წლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფართომასშტაბიან მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს, რაც მოიცავს ჩინეთის უმსხვილეს, მრავალმილიონიან მედია და დაჯავშნის პლატფორმებზე რეკლამას, ასევე სოციალურ ქსელებში კამპანიას, საიმიჯო ვიდეორგოლებს, გარე რეკლამას ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში, მედია და გაცნობითი ტურების ორგანიზებას საქართველოში ჩინელი ინფლუენსერებისა და ტუროპერატორებისთვის. კამპანიის მნიშვნელოვანი კომპონენტია ქართული კერძო სექტორის აქტიური ჩართვა, რაც მოიცავს B2B შეხვედრებს, პრეზენტაციებსა და როუდშოუებს, სადაც ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ ჩინელ კოლეგებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი.
სხვა სიახლეები
ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.1%-ით გაიზარდა 590 მლნ აშშ დოლარამდე - Galt & Taggart
10.08.2026.15:55
Galt & Taggart-ი ყოველკვირეული ბაზრების მიმოხილვას აქვეყნებს.
საკრედიტო რეიტინგი: 2026 წლის 7 აგვისტოს S&P-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. S&P-ის შეფასებით, პოზიტიური პერსპექტივა ასახავს ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას, გონივრულ ფისკალურ პოლიტიკას და რეკორდულად მაღალ საერთაშორისო რეზერვებს, რაც ამცირებს საქართველოს მოწყვლადობას გარე შოკების მიმართ. S&P რეიტინგის ამაღლებას განიხილავს, თუ საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდება ან ფისკალური მაჩვენებლები მოლოდინებს გადააჭარბებს.
საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2026 წლის ივლისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 49.9%-ით გაიზარდა და ახალი რეკორდული დონე 7.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით ივნისში რეზერვები 5.7%-ით გაიზარდა (+404.6 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და ასევე, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 აგვისტოს). აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 13.5%-ს შეადგენს.
ინფლაცია: 2026 წლის ივლისში სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით, რის შედეგადაც წლიური ინფლაცია 5.5%-მდე შემცირდა ივნისის 5.8%-დან. მთლიანი ინფლაციის შენელება ძირითადად განპირობებული იყო იმპორტირებული ინფლაციის (5.3%-მდე ივნისის 6.1%-დან) და შერეული საქონლის ინფლაციის (4.4%-მდე 6.2%-დან) შენელებით. ამავდროულად, ადგილობრივი ინფლაცია ივლისში 6.4%-მდე დაჩქარდა წინა თვის 5.7%-დან. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 3.5%-მდე გაიზარდა 2026 წლის ივლისში, წინა თვის 3.2%-ის შემდეგ.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2026 წლის ივლისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+4.9% წ/წ, +1.74პპ), ტრანსპორტი (+14.2% წ/წ, +1.66პპ), კომუნალურები (+8.3% წ/წ, +0.80პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+5.6% წ/წ, +0.36პპ), ჯანდაცვა (+4.7% წ/წ, +0.40პ), სასტუმროები და რესტორნები (+7.9% წ/წ, +0.27პპ), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-2.4% წ/წ, -0.13პპ) და კავშირგაბმულობა (-6.3% წ/წ, -0.20პპ).
ივლისში ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ნავთობის მსოფლიო ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, რაც, სავარაუდოდ, საქართველოში ენერგომატარებლების ფასების მოსალოდნელი შენელების ტემპზე იქონიებს გავლენას. აქედან გამომდინარე, 2026 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 4.8%-დან 5.1%-მდე გავზარდეთ.
ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.1%-ით გაიზარდა 590 მლნ აშშ დოლარამდე. ჯამურად, 2026 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმის შემოსავლები 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (უცვლელი წ/წ).
ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს, ხოლო 5.3 მლრდ აშშ დოლარს 2027 წელს.