შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროს რეგულირებისთვის საკანონმდებლო ბაზა შეიქმნება
ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე," რომლის მიღების მიზანია შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროს რეგულირებისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ქვეყნის ერთიან სატრანსპორტო სისტემაში მოქცევისა და საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველზე, 2025 წლის 1 იანვრამდე მოხდება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების, მათ შორის, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის, რეგისტრაციის, ინსპექტირებისა და ექსპლუატაციის წესების შემუშავება და დამტკიცება.
შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი (მაგალითად, მტკვარზე, თბილისის ზღვასა და ა.შ. მცურავი საშუალებები), დღევანდელი კანონმდებლობით, არ ექცევა რეგულირების სფეროში, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებული კანონპროექტით, ისინი დაექვემდებარებიან კანონით განსაზღვრულ ზედამხედველობას, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.
საერთაშორისო პრაქტიკით, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი რეგულირებად სფეროს წარმოადგენს და მიზანშეწონილია, საქართველოს კანონმდებლობაშიც არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტს აქცევს ქვეყნის ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ნაწილად და სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის შექმნის სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, პროექტის მიზანია, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ტექნიკურ მარეგულირებელი ორგანოდ განისაზღვრება სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ხოლო შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ფუნქცია დაემატება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებულ სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინცინდენტების მოკვლევის ბიუროს.
სხვა სიახლეები
„საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვან და ავთენტურ მიმართულებას, მართლაც უსაზღვრო პოტენციალი აქვს“ - Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი
28.11.2026.18:01
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - „მეტი, ვიდრე მოგზაურობა: მიმართულებიდან გამოცდილებამდე“ გაიმართა. ღონისძიებაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამოგზაურო პლატფორმის, Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი (EMEA), ლაურა მილოს სანჩესი მონაწილეობდა.
საერთაშორისო ექსპერტმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შეფასებისას აღნიშნა, რომ ქვეყანას ახალი საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად კარგი პოზიცია აქვს.
"ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რომ ყველამ ერთ სივრცეში მოიყარა თავი. ავიაკომპანიები, ინდუსტრიის პარტნიორები, სასტუმროები, ასევე სხვადასხვა დარგის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აქ, თბილისში შეიკრიბნენ. როგორ შეგვიძლია საქართველოს კიდევ უფრო განვითარება? როგორ მოვიზიდოთ საქართველოში მეტი საერთაშორისო მოგზაური და როგორ გავაცნოთ მათ ქვეყნის ის რეგიონები და ადგილები, რომლებიც აქამდე არ უნახავთ? ვფიქრობ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, ქვეყანა ამჟამად ძალიან კარგ პოზიციაზეა და მასპინძლობს ახალ საერთაშორისო ვიზიტორებს, ასე რომ, პოტენციალი მართლაც უსაზღვროა. საქართველოს ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს არის იმდენად მრავალფეროვანი და ავთენტური ქვეყანა, რომ აუცილებლად უნდა გააცნოს საკუთარი თავი მთელ მსოფლიოს. - აღნიშნა ლაურა მილოს სანჩესმა.