სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია - Norwegian-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა. ნორვეგიის უმსხვილესმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანიამ Norwegian-მა კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით ოპერირება დაიწყო. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კოპენჰაგენიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შეასრულა, რითაც ისტორიაში პირველად, საქართველოსა და დანიის სამეფოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამოქმედდა.
პირველი რეისი Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდა და ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა. რაც პირველი რეისისთვის ძალიან მაღალი დატვირთვის მაჩვენებელია.
Norwegian კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებაზე რეისებს კვირაში ორჯერ ასრულებს და ქართველ მგზავრებს ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ავიაჰაბთან პირდაპირ წვდომას სთავაზობს.
ახალი მიმართულების ამოქმედება საქართველოს ავიაციის სექტორისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და Norwegian-ის ერთწლიანი პროაქტიული მოლაპარაკებების შედეგად, თბილისი სკანდინავიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიის ქსელში ოფიციალურად შევიდა, რაც როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესმიმოსვლის ზრდას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისები არასდროს არსებობდა. დანიის დედაქალაქთან პირდაპირი კავშირი საქართველოს დედაქალაქისთვის სრულიად ახალი შესაძლებლობაა.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს 20,000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ Norwegian-ის შემოსვლა ამ მაჩვენებლების კიდევ უფრო ზრდას შეუწყობს ხელს და საქართველოს სკანდინავიელი ტურისტებისთვის უფრო ხელმისაწვდომ მიმართულებად აქცევს.
Norwegian 1993 წლიდან ოპერირებს და დღეს ევროპის ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. მგზავრთა გადაყვანის მოცულობით ის ევროპაში მეოთხე უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან გადამზიდავად მიიჩნევა, ხოლო 2021 წელს Skytrax-ის მიერ ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა.
სხვა სიახლეები
როგორია ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა
24.08.2026.21:41
2026 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 365.3 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 699.1 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა 0.1 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2026 წლის II კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 683.4 ათასით განისაზღვრა, რაც 1.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 36.1 პროცენტი, 51-70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 56.0 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.2 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრე- ბელია, 16.3 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.
2026 წლის II კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (52.6 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონსა (საშუალოდ 377.4 ათასი ვიზიტი თვეში) და ქ. თბილისში (საშუალოდ 377.4 ათასი ვიზიტი თვეში).
2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 300.7 მილიონი ლარით, რაც 7.2 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 6.0 პროცენტით და 177.0 ლარს გაუტოლდა.