სტატისტიკური მონაცემის თანახმად ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია l მაია ომიაძე
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობა ახალი ავიაკომპანიების მოზიდვას უზრუნველყოფს და ერთობლივი ძალისხმევა პირდაპირ აისახება ვიზიტორთა სტატისტიკაზე, სადაც ტოპ ათეულში ქვეყნების მრავალფეროვნება ფიქსირდება.
„სწორედ ეს არის ის დივერსიფიცირებული ბაზარი და ის სტატისტიკური მონაცემები, რასაც რეალურად ტურიზმის ინდუსტრიიდან ვიღებთ. ჩვენ სტატისტიკურ ათეულში, ხვდება ისეთი ქვეყნები ჩვენი ბაზრებიდან, როგორიც არის ჩინეთი, ინდოეთი, ევროკავშირის ქვეყნები, გალფის ქვეყნები და რა თქმა უნდა ისრაელი, მეზობელი ქვეყნებიც. ჩვენი სტრატეგიის თანახმად ყოველწლიურად მათთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიდეს საქართველოში", - აღნიშნა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სწორედ დაგეგმილმა დივერსიფიკაციის პოლიტიკამ განაპირობა ქვეყანაში მოგზაურთა ნაკადის სტაბილური ზრდა.
„სწორედ დაგეგმილმა დივერსიფიკაციის მიზნით მომუშავე სამოქმედო გეგმამ უზრუნველყო ის, რომ წლიდან წლამდე საქართველოში წილი მოგზაურებისა იზრდება. სტატისტიკური მონაცემის თანახმად ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა, რაც თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია", - აღნიშნა ომიაძემ.
სხვა სიახლეები
2026 წლის III კვარტალში სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი გაიზარდა როგორც თბილისში, ისე ბათუმში | Galt & Taggart
22.10.2026.21:59
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის 2026 წლის III კვარტლის შეჯამება" აქვეყნებს.
ვიზიტების დინამიკა:
2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 2.1 მლნ-ს მიაღწია, რაც წლიურად 4.7%-იანი ზრდაა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 2.8%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.
ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+16.6% წ/წ), რუსეთიდან (+4.7% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+36.2% წ/წ) ვიზიტების მატებამ განაპირობა. აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა, ისრაელიდან ვიზიტები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, რაც ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული ტურისტული შეფერხებების შემსუბუქებას და დაგროვილი სამოგზაურო მოთხოვნის რეალიზებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდანაც (+30.2% წ/წ), რასაც ხელი შეუწყო საჰაერო კავშირების გაუმჯობესებამ, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედებამ.
ამავდროულად, ვიზიტები შემცირდა თურქეთიდან (-7.4% წ/წ), სომხეთიდან (-4.0% წ/წ) და ინდოეთიდან (-25.9% წ/წ). თურქეთიდან კლება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებამ გამოიწვია, ხოლო ინდოეთიდან ვიზიტების კლება კვლავ IndiGo-ს მიერ ფრენების შეწყვეტით იყო განპირობებული. სუსტი დინამიკა შენარჩუნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, მათ შორის საუდის არაბეთიდან ვიზიტები წლიურად 32.8%-ით შემცირდა.
2026 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. საერთო მაჩვენებლის სტაბილურობის მიუხედავად, ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლნ შეადგინა, ერთდღიანი ვიზიტები კი 9.0%-ით შემცირდა და 0.9 მლნ შეადგინა.
შემოსავლები ტურიზმიდან:
2026 წლის III კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ზრდა ძირითადად რუსეთიდან (+32.3% წ/წ), ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) და ისრაელიდან (+24.8% წ/წ), ასევე უკრაინიდან (+52.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+18.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ამასთან, ვიზიტების კლების შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან (-31.9% წ/წ) და თურქეთიდან (-11.5% წ/წ).
ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.