The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს
პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. გამოცემამ სტატია სათაურით „დახვეწილი მოგზაურის სრულყოფილი გზამკვლევი“ მაისის ნომერში გამოაქვეყნა, სადაც ბათუმი პორტუგალიის, ტაილანდის, ესპანეთის, შვეიცარიის, საბერძნეთის და სხვა ტურისტული მიმართულებების გვერდითაა დასახელებული.
„ბათუმი ზღვისპირა დასვენებისა და სამთო თავგადასავლების მოყვარულ მოგზაურებს იზიდავს იქ, სადაც მოელვარე შავი ზღვა კავკასიონის მთის კალთებს ერწყმის. ბათუმის ჰორიზონტი თანამედროვე ცათამბჯენებისა და ისტორიული შენობების ნაზავია, ხოლო მისი ცოცხალი კულტურული ცხოვრება საქართველოს გამორჩეულ ტრადიციებს ირეკლავს — ფერადი ცეკვებითა და კოსტიუმებით დაწყებული პოლიფონიური სიმღერით დამთავრებული,“ წერია სტატიაში.
The Telegraph-ის ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიებს ყოველთვიურად მხოლოდ ბრიტანეთში 27 მილიონამდე, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონამდე მკითხველი ჰყავს. ბათუმზე საუბრისას გამოცემა, არც მთიან აჭარასა და ეროვნულ პარკებს ივიწყებს.
„გაისეირნეთ პალმებით მოფენილი ბულვარის სანაპიროზე ან ეწვიეთ აყვავებულ ბოტანიკურ ბაღს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მცენარეებია თავმოყრილი. ქალაქის მიღმა, დიდებული იუნესკოს ეროვნული პარკები და მაღალმთიანი აჭარის შთამბეჭდავი პეიზაჟები გელოდებათ. ამ პატარა, მაგრამ დინამიური ქალაქის მონახულება, თავისი თავგადასავლებითა და დაუსრულებელი მზიანი დღეებით, გაჩვენებთ, თუ როგორ კარგავს ის ფარული საგანძურის სტატუსს და ხდება ევროპის ერთ-ერთი წამყვანი, ყველა სეზონის დანიშნულების ადგილი. დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი visitbatumi.com-ზე.“
The Telegraph, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამოგზაურო სექცია აქვს არამარტო ბრიტანულ, არამედ საერთაშორისო მედიაში, მკითხველებს სთავაზობს სამოგზაურო გაიდებს, ექსპერტების რეკომენდაციებსა და შთამაგონებელ სტატიებს. სტატიის ლინკი იხილეთ ბმულზე https://www.telegraph.co.uk/lifestyle/apl-media/hidden-gems-travel/.
სხვა სიახლეები
საქართველოს ჩინეთიდან ტურისტული სექტორისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები ეწვივნენ
23.09.2026.09:54
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ჩინეთის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანია „Dragon Trail International“-თან თანამშრომლობით, ადმინისტრაციამ ჩინეთის 9 წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა.
საინფორმაციო ტურის ფარგლებში, ჩინელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურასა და ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. ტურის მონაწილეები ეწვივნენ ქუთაისს, ლეჩხუმს, სვანეთსა და ბათუმს.
ვიზიტის ფარგლებში, ჩინელმა ტუროპერატორებმა ქართველ კოლეგებთან B2B ფორმატის სამუშაო შეხვედრები გამართეს - დაამყარეს პირდაპირი ბიზნესკონტაქტები და მომავალი თანამშრომლობის ორიენტირები განსაზღვრეს.
ინფოტურის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოს ცნობილი ჩინელი მსახიობი და ინფლუენსერი სუნ ი (Sun Yi) ეწვია. მოგზაურობისას მან თბილისი, მცხეთა, ანანური, გუდაური, ყაზბეგი და გერგეთის სამება მოინახულა.