წელს მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით მოხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარება - მარიამ ქვრივიშვილი
ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გეგმები გვაქვს საავიაციო ინფრასტრუქტურის გაძლიერების კუთხით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
„გეგმების დასახვა 3 საერთაშორისო აეროპორტზე გვიწევს. პირველი არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ მიმდინარე წელს მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით მოხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარება.
განიხილება ვაზიანის ტერიტორიაზე საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი განაცხადი გლობალურ ავიაციის ინდუსტრიაში, რადგან ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ადგილმდებარეობა გამოვიყენოთ სტრატეგიულად და საქართველოს აქვს ამბიცია, რომ იყოს საავიაციო-ტრანზიტული ჰაბი.
მიმდინარე წელს ჩვენ ვმუშაობთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარების გეგმაზე. ჩვენ ასევე მუდმივად ვავითარებთ შიდა ფრენების მიმართულებასაც. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა ხელმისაწვდომი ფასებით იფრინონ მაგალითად თბილისიდან მესტიაში., თბილისიდან ბათუმში, ამბროლაურში და ა.შ. სწორედ ამ გეგმის ნაწილია რომ მიმდინარე წელს ჩვენ გვაქვს დაგეგმილი და გადაწყვეტილი, რომ მოხდება თელავის აეროპორტის სრული რეაბილიტაცია და მშენებლობა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
სხვა სიახლეები
ღვინის ტურიზმში ინიციატივები მხოლოდ შემოდგომის პერიოდსა და რთველზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული - ნატა კვაჭანტირაძე
29.05.2026.19:30
ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად იქცეს, თუმცა, ამ გზაზე რეალური, ქმედითი ნაბიჯები სწორედ ახალი პროდუქტების შექმნას უკავშირდება, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატა კვაჭანტირაძემ.
ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, ტურიზმის სექტორში სეზონურობის დაბალანსებისთვის აუცილებელია ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და შეთავაზებების მაქსიმალური გამრავალფეროვნება.
„ახლა ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ახალ შესაძლებლობებზე, რაც სამედიცინო და ველნეს ტურიზმის განვითარებას უკავშირდება. ასევე მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმი, სადაც ინიციატივები მხოლოდ შემოდგომის პერიოდსა და რთველზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული.
დღეს ბევრი ევროპული ქვეყანა, როგორიცაა პორტუგალია და ესპანეთი, ზამთარშიც კი აქტიურად ცდილობს ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციას და ამ გზით ქვეყანაში უამრავი სტუმარი ჩაჰყავს. ჩვენ შეგვიძლია ეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება გავიზიაროთ, რათა ჩვენთანაც ბევრად უფრო საინტერესო გახდეს ზამთრის პერიოდი. ეს ასევე ეხება MICE მიმართულებასაც, სადაც აქცენტი ბიზნეს ტურიზმის განვითარებაზე უნდა გაკეთდეს.
დღეს ბევრი აღნიშნავს და ეს რეალურადაც ასეა, ჩვენს ასოციაციაში შემავალი MICE ტურიზმის კომპანიები საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. მით უმეტეს ახლა, როდესაც გარე ფაქტორების ფონზე ვცდილობთ, საქართველო ბიზნეს-მომხმარებლებისთვის საინტერესო და მიმზიდველ მიმართულებად ვაქციოთ. ამ მიზნის მიღწევას, ბუნებრივია, ძალიან დიდი და კომპლექსური მუშაობა სჭირდება“, - განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილებაა, თუმცა სექტორისთვის მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობებისა და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების დამატებაც.
„ძალიან კარგია, რომ ჩვენ გვაქვს უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაცია და სწორედ ასე ვპოზიციონირებთ. ქვეყნის შიგნით გადაადგილება არის უსაფრთხო, თავისუფალი და მაქსიმალურად გამარტივებული. თუმცა, ამასთანავე აუცილებელია ახალი შესაძლებლობების შექმნაც, რათა ბიზნესმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს თავისი შეთავაზებები. რაც შეეხება საერთაშორისო გამოფენებს, რომლებიც ჩვენს დღის წესრიგშია, ახლაც ჩინეთში მიმდინარეობს ITB China. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და პოზიციონირებისთვის. თუმცა, აქ ორი მთავარი საკითხი იკვეთება: პირველი, რას ვთავაზობთ ჩვენ გარე მომხმარებელს და მეორე, ქვეყნის შიგნით რა განმასხვავებელი ნიშანი გვაქვს, რით არის უნიკალური საქართველო.
ჩვენი ქვეყანა უნიკალურია თავისი ბიომრავალფეროვნებით, ბუნებრივი და კულტურული რესურსებით, ფოლკლორითა თუ გასტრონომიით. სწორედ ამ მრავალფეროვანი შეთავაზებების ერთმანეთთან კომბინირება აუცილებლად მოგვცემს იმ შედეგს, რომელიც მხოლოდ ზაფხულის სეზონით არ შემოიფარგლება და მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს.
დღეს ზაფხულის სეზონზე სასტუმროების, გიდების, ტრანსპორტისა თუ ტურიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მიმართულების დატვირთულობა მართლაც ძალიან მაღალია. თუმცა, სწორედ ახალი პროდუქტების შექმნა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაბალანსებული შეთავაზებებით წარდგენა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თანაბრად დატვირთული იყოს როგორც გაზაფხული, ისე ადრეული შემოდგომა და გვიანი ზამთრის პერიოდიც“, - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.