თუ არ განვავითარეთ ერთი მხრივ, ახალი ბაზრები და მეორე მხრივ კონკურენტუნარიანი შეთავაზებები, სექტორი წინ ვერ წავა - მაია ომიაძე
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის სექტორში მიმდინარე B2B შეხვედრები და საერთაშორისო ღონისძიებები ახალი ბაზრების ათვისებისა და საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევა მიზნად ისახავს ბაზრების დივერსიფიკაციას და გლობალური ტურისტული რყევების გავლენის შემცირებას, თუმცა არსებული გეოპოლიტიკური ფაქტორების ფონზე ბაზრების სრულ ჩანაცვლებას მოკლევადიან პერიოდში ვერ ექნება სწრაფი ეფექტი.
„თუ არ განვავითარეთ, ერთი მხრივ, ახალი ბაზრები და, მეორე მხრივ, კონკურენტუნარიანი შეთავაზებები, სექტორი წინ ვერ წავა. მით უმეტეს ისეთ მძაფრ კონკურენტულ გარემოში, რომელსაც რეგიონში არსებული კონფლიქტებიც ემატება.
მიუხედავად მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში მოსალოდნელი რყევებისა, გვჯერა, რომ ბაზრების ჩანაცვლებით, დამატებითი აქტივობებითა და კერძო სექტორთან ერთობლივი ღონისძიებებით, შევძლებთ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ნეგატიური გავლენა.
რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას სრულად ვერ აღმოვფხვრით. თუ გადავხედავთ ჩვენი ვიზიტორების ტოპ ათეულსა თუ თხუთმეტეულს, იქ ყოველთვის ფიგურირებენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. ბუნებრივია, მათი ერთი ხელის მოსმით, ერთ თვეში ჩანაცვლება შეუძლებელია. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბაზრების მნიშვნელოვანი და ეფექტიანი გადათამაშება ვერ მოხდება“, - აცხადებს მაია ომიაძე.
სხვა სიახლეები
ტურიზმი 2025 წელი იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით - ტურიზმიდან შემოსავალმა გასულ წელს $4.7 მილიარდი შეადგინა l ირაკლი კობახიძე
26.06.2026.13:40
ტურიზმი 2025 წელი იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით - ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 4.7 მილიარდი დოლარი გასულ წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელს საქართველომ უმასპინძლა 7.8 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს.
„ტურიზმი 2025 წელი იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით. ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 4.7 მილიარდი დოლარი გასულ წელს. 2025 წელს ვუმასპინძლეთ 7.8 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს, აქედან 5 522 000 იყო ტურისტული ვიზიტი. ამ ნაწილში გვაქვს 8.4%-იანი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, რაც დაეტყო ბუნებრივია ტურისტულ ნაკადებს, ტურიზმიდან შემოსავლები ამის მიუხედავად 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაიზარდა 0.5%-ით. ამავე კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 4.3%-ით მეტ მგზავრს, 1 600 000-ზე მეტი იყო მგზავრთა რაოდენობა, შესრულდა 7 800 რეისი.
ამ პერიოდის განმავლობაში გაიხსნა 20 ახალი სასტუმრო დაახლოებით 1 000 სასტუმრო ნომრით. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში ფუნქციონირებს 2 691 სასტუმრო 53 000 ნომრით. ძალიან მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობები ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩვენთვის სტრატეგიულ ბაზრებზე", - განაცხადა პრემიერმა.