ტურიზმიდან მიღებული პირველი კვარტლის შემოსავლები რეკორდულია - მაია ომიაძე
2026 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების ზრდასთან ერთად, გაზრდილია მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები და რეკორდულ მაჩვენებელს, 829.8 მილიონ აშშ. დოლარს შეადგენს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის შეფასებით, პოზიტიური დინამიკა განსაკუთრებით თვალსაჩინოა სტრატეგიული ბაზრებიდან მიღებული შემოსავლების ზრდაში.
“2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,5%-ით არის გაზრდილი და 830 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით გაზრდილია შემოსავლები ევროკავშირის ქვეყნებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე თურქეთიდან და საუდის არაბეთიდან.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სწორად დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიებით, აქტივობებითა და, რა თქმა უნდა, ავიაციის სექტორთან ერთობლივად მუშაობის შედეგად, ჩვენი სტრატეგიული ბაზრებიდან კვარტლიდან კვარტლამდე და წლიდან წლამდე იზრდება საერთაშორისო მოგზაურების თუ ტურისტების ვიზიტების ოდენობა და ეს ყველაფერი, ასევე, შემოსავლებზეც აისახება” - აღნიშნა მაია ომიაძემ.
2026 წლის I კვარტლის მონაცემებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან (36.4%-ით), თურქეთიდან (12.2%-ით) და საუდის არაბეთიდან (47.6%-ით).
სხვა სიახლეები
საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 4.5%-ით 2 731-მდე გაიზარდა - საქსტატი
26.08.2026.12:10
დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 731 ეკონომიკური სუბიექტი1, რომლებიც ფლობდნენ 2 783 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი 4.5 პროცენტით მეტია 2024 წელთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა აჭარის ა/რ-სა (21.3 პროცენტი) და ქ. თბილისში (20.9 პროცენტი).
სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2025 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 65.5 პროცენტს.
სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.8 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.2 პროცენტი სახელმწიფო საკუთრებაში.
2025 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 964.6 ათას კვადრატულ მეტრს 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.8 პროცენტით მეტს შეადგენდა. უშუალოდ ნომრების საცხოვრებელი ფართი 1 761.0 ათასი კვადრატული მეტრი იყო რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8.9 პროცენტით მეტია.
2025 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 120.2 ათასი შეადგინა, რაც 6.0 პროცენტით მეტია 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა 2025 წელს წინა წელთან შედარებით 6.1 პროცენტით გაიზარდა და 54.3 ათასი შეადგინა.
2025 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 6.2 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 6.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 62.7 პროცენტს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 555.4 ათასი (სტუმრების ჯამური რაოდენობის 14.3 პროცენტი), ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია. ევროკავშირის მოქალაქეები უცხოელი სტუმრების მთლიანი რაოდენობის 10.4 პროცენტს შეადგენდნენ.
2025 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით (92.0 პროცენტი).
სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 14.7 და 12.9 პროცენტი).
2025 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 29 101 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (54.5 პროცენტს) ქალები წარმოადგენდნენ.