ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონაცემებზე დაფუძნებული მარკეტინგული სტრატეგიით საგრძნობ პროგრესს მიაღწია | Amadeus-ის წარმომადგენელი
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დიდ ბრიტანეთში გამართულ ტურიზმის გლობალურ გამოფენაში World Travel Market (WTM) London 2026 მიიღო მონაწილეობა. ეროვნულ სტენდთან ქართულმა მხარემ უცხოელ ტუროპერატორებსა და ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალი და ტურისტული პროდუქტები წარუდგინა.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგულ სტრატეგიას გამოეხმაურა მსოფლიოში წამყვანი გლობალური ტურისტული პლატფორმა Amadeus-იც. კომპანიის წარმომადგენლის, ლოურენს ვან დენ ოუვერის შეფასებით, ადმინისტრაციამ სამიზნე ბაზრების სწორად შერჩევასა და მიზნობრივი აუდიტორიის იდენტიფიცირებაში საგრძნობი პროგრესი აჩვენა:
„საქართველო უკვე წელიწად-ნახევარია Amadeus-თან თანამშრომლობს და ძალიან ვამაყობთ, რომ ის ჩვენი პარტნიორია. ქვეყანას საგრძნობ პროგრესს მიაღწია იმ მიმართულებით, თუ რომელ სამიზნე ბაზრებზე განათავსოს რეკლამა და როგორ მიწვდეს სწორ აუდიტორიას. ამავდროულად, ეს სტრატეგია ეყრდნობა ინდუსტრიის რეალურ მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ ყალიბდება მოგზაურთა ქცევა და ტურისტული მოთხოვნა“, - აღნიშნა Amadeus-ის წარმომადგენელმა.
WTM London 2026 მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ინდუსტრიის ათასობით პროფესიონალს, საერთაშორისო მედიასა და გლობალურ ტუროპერატორს აერთიანებს. საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარდგენა ბრიტანეთიდან და ევროპის ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების ზრდას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დიდ ბრიტანეთში გატარებული აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად, 2026 წლის მესამე კვარტალში დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტორთა ნაკადი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 18.2%-ითაა გაზრდილი.
სხვა სიახლეები
ლონდონში, WTM-ის გამოფენაზე საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდი დაინტერესებაა - Gorgeous Trips-ის წარმომადგენელი
06.11.2026.14:08
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე World Travel Market 2026-ზე ეროვნული სტენდით წარდგა. გამოფენაში. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთდ, 20-მდე ქართული კერძო კომპანია მონაწილეობდა.
ტურისტული კომპანია „Gorgeous Trips“-ის წარმომადგენელი ლელა ქორჩილავას თქმით, WTM London და მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები საქართველოს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მეტი მოგზაური მოიზიდოს დასავლეთის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
„ლონდონში, WTM-ის გამოფენაზე ვიმყოფებით და ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ საკმაოდ დიდი დაინტერესებაა. როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვყავდეს მეტი ტურისტი დასავლეთიდან. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ამ გამოფენაში მონაწილეობა დიდი წარმატებაა, რაც მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი დაინტერესებული ვიზიტორი მოვიზიდოთ დასავლეთიდან და, კერძოდ, დიდი ბრიტანეთიდან” - აღნიშნავს ლელა ქორჩილავა.