ტურიზმის განვითარება ავიაციის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია - თუ ჩვენ ერთობლივად არ ვიმუშავეთ ახალი მიმართულებების ათვისებასა და სიხშირეების დამატებაზე, მხოლოდ კამპანიები სასურველ შედეგს ვერ მოიტანს l მაია ომიაძე
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, საქართველოს ტურისტული სტრატეგია ორიენტირებულია მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვაზე. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მაია ომიაძემ განმარტა, ტურისტულ სექტორში არსებობენ კომპანიები, რომლებიც წლების განმავლობაში კონკრეტულ ბაზრებზე, მათ შორის გერმანიისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, მუშაობენ, თუმცა ახალი ბაზრების ათვისებისკენ მიმართული ინიციატივები და საერთაშორისო გამოფენები ბიზნესს დამატებითი შესაძლებლობების შექმნისკენ უბიძგებს.
„ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ სექტორს ახალ ინიციატივებსა და მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში ახალ ბაზრებზე გასასვლელად. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი კომპანია ამ შესაძლებლობებს აქტიურად იყენებს და მუდმივად სინჯავს ძალებს ახალ მიმართულებებზე.
როდესაც ინდოეთსა და ჩინეთში მარკეტინგული ღონისძიებები დავიწყეთ, გამოცდილი და ტრადიციულ ბაზრებზე მომუშავე მსხვილი კომპანიები ამ ახალ გამოწვევას სიამოვნებით დათანხმდნენ. ისინი ჩვენთან ერთად აქტიურად იწყებენ მუშაობას ახალ მიმართულებებზე, რადგან რეალურად სწორედ ამ ბაზრებშია მომავალი.
ინდოეთიდან და ჩინეთიდან მოგზაურთა ნაკადები გლობალურად იზრდება. დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს, ამ ქვეყნებიდან ტურისტების გარკვეული წილი მოიზიდოს. ამას კარგად ვაცნობიერებთ როგორც ჩვენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები, ისე კერძო სექტორიც - ეს პასუხისმგებლობა გაზიარებულია, რადგან ასეთი მასშტაბური შედეგების მიღწევა მხოლოდ ერთობლივი მუშაობითაა შესაძლებელი სხვაგვარად წარმატება წარმოუდგენელია.
ტურიზმის განვითარება ავიაციის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. თუ ჩვენ ერთობლივად არ ვიმუშავეთ ახალი მიმართულებების ათვისებასა და სიხშირეების დამატებაზე, მხოლოდ კამპანიები სასურველ შედეგს ვერ მოიტანს.
სწორედ ამიტომ, ჩვენ არა მხოლოდ დამოუკიდებელ მარკეტინგულ კამპანიებს ვატარებთ სხვადასხვა ბაზარზე, არამედ ავიაკომპანიებთან ერთად ვახორციელებთ ერთობლივ აქტივობებსაც. ეს არის ძალიან ეფექტიანი ხელსაწყო, რათა ახალი საჰაერო მიმართულების დამატების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ცნობადობა და რეისების მაქსიმალური დატვირთულობა.
ტურიზმის ინდუსტრია და მასში ჩართული ბიზნესსექტორი საკმაოდ ჭრელია, სერვისები მრავალფეროვანია და, შესაბამისად, მიდგომებიც ბაზრებისა თუ მომსახურების სახეობების მიხედვით ძალიან ინდივიდუალურია.
ნამდვილად გიდასტურებთ, რომ მიმდინარე მსოფლიო მოვლენები მარტივი არ იქნება არც ჩვენთვის და არც ზოგადად ტურიზმის სექტორისთვის, თუმცა შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ამ პროცესს საქართველო შედარებით იოლად გადალახავს“, - განმარტავს მაია ომიაძე.
სხვა სიახლეები
თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა
23.04.2026.10:51
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს, ასევე Slovakia Travel-ის ორგანიზებით პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი ჩატარდა.
ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა მატუშ ბუშოვსკიმ გახსნეს.
ფორუმში 20-ზე მეტი ქართული კომპანია და 10-მდე სლოვაკური ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობდა.
ფორუმის ფარგლებში ქართული და სლოვაკური ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
ფორუმის მიზანია საქართველოში სლოვაკეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა.
თბილისის ფორუმამდე სლოვაკური კომპანიების წარმომადგენლები იმერეთს ესტუმრნენ, შეხვდნენ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომლებს. შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
სლოვაკეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თბილისის ისტორიულ უბნებში ტური გამართა.
2026 წლის იანვრიდან საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ბრატისლავას შორის ასრულებს.