ტურიზმში ტენდენციები დადებითია - ვიზიტების რაოდენობა, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, თითქმის სრულად აღდგა და ზრდა გრძელდება - მინისტრი
2023 წლის 9 თვეში საქართველოში 5.6 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, მათ შორის, ტურისტული ვიზიტის რაოდენობა 3 600 000-ზე მეტს შეადგენს, რაც 2019 წლის მონაცემებთან მიმართებაში თითქმის სრული აღდგენაა. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 35.2%-ით არის ასევე გაზრდილი 2022 წელთან შედარებით.
„ტურიზმი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია, ყველაზე ინკლუზიურია, რადგან სექტორში დადებითი ტენდენციები მოსახლეობის მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება ხოლმე. ასევე მნიშვნელოვანია შემოსავლების კუთხით ტურიზმის სტრუქტურაში ხარისხობრივი გაუმჯობესება - ბოლო წლების განმავლობაში შემოსავლები ტურიზმიდან უფრო მეტია, ვიდრე ადრე იყო" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, სადაც ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესები და სტატისტიკური მაჩვენებლები შეაფასა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია ტურიზმის რაოდენობრივი აღდგენაც, რადგან ქვეყანას სჭირდება ტურიზმიდან კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღება, მათ შორის, რეგიონებში. მისივე შეფასებით, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც არ გვაქვს სრული აღდგენა ან უფრო მეტი ზრდა 2019 წელთან შედარებით, არის რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის, დაკეტილი საზღვრები ტრადიციულ ბაზრებთან და ა.შ.
„ტენდენციები ნამდვილად დადებითია, ეს მიუთითებს ერთ რამეზე, რომ ჩვენ გვაქვს გამიზნული, კარგად კოორდინირებული პოლიტიკა, მათ შორის ტურიზმის კერძო სექტორთან, ასევე ცნობადობის კამპანიები, მაგალითად, „აითიბი ბერლინი," რომელიც ჩატარდა ძალიან წარმატებით და სხვა მნიშვნელოვანი პლატფორმები, სადაც აქტივობას არ ვანელებთ, პირიქით, უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს მომავალ წლებში" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის I-III კვარტალში საქართველოში 5,566,980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +43%-ია.
9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია.
სხვა სიახლეები
ღვინის ტურიზმში ინიციატივები მხოლოდ შემოდგომის პერიოდსა და რთველზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული - ნატა კვაჭანტირაძე
29.05.2026.19:30
ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველო ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად იქცეს, თუმცა, ამ გზაზე რეალური, ქმედითი ნაბიჯები სწორედ ახალი პროდუქტების შექმნას უკავშირდება, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატა კვაჭანტირაძემ.
ნატა კვაჭანტირაძის განცხადებით, ტურიზმის სექტორში სეზონურობის დაბალანსებისთვის აუცილებელია ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და შეთავაზებების მაქსიმალური გამრავალფეროვნება.
„ახლა ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ ახალ შესაძლებლობებზე, რაც სამედიცინო და ველნეს ტურიზმის განვითარებას უკავშირდება. ასევე მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმი, სადაც ინიციატივები მხოლოდ შემოდგომის პერიოდსა და რთველზე არ უნდა იყოს კონცენტრირებული.
დღეს ბევრი ევროპული ქვეყანა, როგორიცაა პორტუგალია და ესპანეთი, ზამთარშიც კი აქტიურად ცდილობს ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციას და ამ გზით ქვეყანაში უამრავი სტუმარი ჩაჰყავს. ჩვენ შეგვიძლია ეს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება გავიზიაროთ, რათა ჩვენთანაც ბევრად უფრო საინტერესო გახდეს ზამთრის პერიოდი. ეს ასევე ეხება MICE მიმართულებასაც, სადაც აქცენტი ბიზნეს ტურიზმის განვითარებაზე უნდა გაკეთდეს.
დღეს ბევრი აღნიშნავს და ეს რეალურადაც ასეა, ჩვენს ასოციაციაში შემავალი MICE ტურიზმის კომპანიები საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. მით უმეტეს ახლა, როდესაც გარე ფაქტორების ფონზე ვცდილობთ, საქართველო ბიზნეს-მომხმარებლებისთვის საინტერესო და მიმზიდველ მიმართულებად ვაქციოთ. ამ მიზნის მიღწევას, ბუნებრივია, ძალიან დიდი და კომპლექსური მუშაობა სჭირდება“, - განმარტავს ნატა კვაჭანტირაძე.
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილებაა, თუმცა სექტორისთვის მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობებისა და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების დამატებაც.
„ძალიან კარგია, რომ ჩვენ გვაქვს უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაცია და სწორედ ასე ვპოზიციონირებთ. ქვეყნის შიგნით გადაადგილება არის უსაფრთხო, თავისუფალი და მაქსიმალურად გამარტივებული. თუმცა, ამასთანავე აუცილებელია ახალი შესაძლებლობების შექმნაც, რათა ბიზნესმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს თავისი შეთავაზებები. რაც შეეხება საერთაშორისო გამოფენებს, რომლებიც ჩვენს დღის წესრიგშია, ახლაც ჩინეთში მიმდინარეობს ITB China. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და პოზიციონირებისთვის. თუმცა, აქ ორი მთავარი საკითხი იკვეთება: პირველი, რას ვთავაზობთ ჩვენ გარე მომხმარებელს და მეორე, ქვეყნის შიგნით რა განმასხვავებელი ნიშანი გვაქვს, რით არის უნიკალური საქართველო.
ჩვენი ქვეყანა უნიკალურია თავისი ბიომრავალფეროვნებით, ბუნებრივი და კულტურული რესურსებით, ფოლკლორითა თუ გასტრონომიით. სწორედ ამ მრავალფეროვანი შეთავაზებების ერთმანეთთან კომბინირება აუცილებლად მოგვცემს იმ შედეგს, რომელიც მხოლოდ ზაფხულის სეზონით არ შემოიფარგლება და მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს.
დღეს ზაფხულის სეზონზე სასტუმროების, გიდების, ტრანსპორტისა თუ ტურიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა მიმართულების დატვირთულობა მართლაც ძალიან მაღალია. თუმცა, სწორედ ახალი პროდუქტების შექმნა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაბალანსებული შეთავაზებებით წარდგენა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ თანაბრად დატვირთული იყოს როგორც გაზაფხული, ისე ადრეული შემოდგომა და გვიანი ზამთრის პერიოდიც“, - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.