უნგრული ჟურნალი Világjáró ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს
პრესტიჟული უნგრული, სამოგზაურო ჟურნალი „Világjáró“ ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას ავრცელებს. სტატია სათაურით „საქართველო — ქვეყანა, სადაც სტუმარი ღვთის საჩუქარია“ ჟურნალის მაისის ნომერში გამოქვეყნდა. „აჭარა არა მხოლოდ კურორტია — ის კულტურული გზაჯვარედინია, სადაც ძველი და ახალი, ტრადიცია და თანამედროვეობა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს,“ წერია სტატიაში, სადაც მკითხველს რეგიონის ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებებს, გასტრონომიას, ტრადიციებს, კულტურასა და ისტორიას აცნობენ. „ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ბათუმმა შთამბეჭდავი ურბანული განვითარება განიცადა: დღეს ქალაქის იერსახეში თამამი, ფუტურისტული შენობები დომინირებს, მაშინ როცა ისტორიულმა უბნებმა თავიანთი ავთენტური ხასიათი შეინარჩუნეს. ეს კონტრასტი განსაკუთრებით მომხიბვლელია. არ გიწევთ არჩევანის გაკეთება წარსულსა და მომავალს შორის, რადგან ორივე გვერდიგვერდ თანაარსებობს.“
ჟურნალი ბათუმის ოთხი სეზონის ტურისტულ პროდუქტებზე საუბრისას ყურადღებას მრავალფეროვან ტურისტულ მიმართულებებსა და სეზონურ ტურისტულ პროდუქტებზე ამახვილებს. ის მკითხველს ქართული სამზარეულოსა და ღვინის დაყენების ტრადიციასაც აცნობს. „ქართული სამზარეულო ტრადიციისა და გემოს უნიკალურ შერწყმას წარმოადგენს. განსაკუთრებით ცნობილი კერძია აჭარული ხაჭაპური — ნავის ფორმის ცომი, შიგნით სულგუნის ყველით, ზემოდან კი კვერცხითა და კარაქით. საქართველოში უძველესი ღვინის კულტურა აქვთ. ის 8000 წლის ისტორიას ინახავს. ღვინო ხშირად მზადდება ქვევრში, რაც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. სუფრა კი მხოლოდ კვება არ არის — ეს არის სოციალური და კულტურული გამოცდილება, სადაც ადამიანები ერთად ყოფნას ზეიმობენ,“ წერია სტატიაში. უნგრულენოვანი ჟურნალი „Világjáró“ ძირითადად მოგზაურობას, ტურისტულ მიმართულებებს, ტურიზმს, კულტურას, ცხოვრების სტილს, გასტრონომიას, მოდასა და დასვენებას ეძღვნება.
სხვა სიახლეები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საერთაშორისო ექსპერტმა ჯული პილკინგტონმა სექტორის წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი გამართა
24.07.2026.15:10
მომსახურების სფეროში ხარისხის გაუმჯობესებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორისთვის უსასყიდლო ტრენინგებს აგრძელებს.
ადმინისტრაციის ორგანიზებით, სტუმარმასპინძლობის სფეროს საერთაშორისო ექსპერტმა, ჯული პილკინგტონმა სასწავლო კურსი „Sales Excellence“ (გაყიდვების ეფექტიანობა) ჩაატარა.
ტრენინგს ტურიზმის ინდუსტრიის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ გაყიდვების თანამედროვე მიდგომებს, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებას, კლიენტის საჭიროებების ანალიზს, გარიგებების წარმატებით დასრულებასა (Closing) და ანგარიშების მართვას (Account Management).
ტრენინგი შემდეგ თემებს მოიცავდა:
• გაყიდვების წარმატების საფუძვლები;
• ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
• ორგანიზაციის ღირებულებებისა და შესაძლებლობების გააზრება;
• კლიენტის საჭიროებების ანალიზი;
• გარიგების წარმატებით დასრულება (Closing);
ჯული პილკინგტონს 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროში. მუშაობდა წამყვან საერთაშორისო კომპანიებსა და სასტუმრო ბრენდებში ავსტრალიაში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც ხელმძღვანელობდა გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, მარკეტინგისა და ოპერაციული მართვის მიმართულებებს. არის სერტიფიცირებული ტრენერი სტუმარმასპინძლობის სფეროში და აქვს თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში ტურიზმის სექტორში ჩართულ პირებთან.
ჯული პილკინგტონმა 2017 და 2018 წლებში ტრენინგები ჩაატარა ტურიზმისა და მომსახურების ხარისხის განვითარების მიმართულებით. ამჟამად იკავებს Senior Account Manager-ის პოზიციას კომპანია Nuvho-ში და მუშაობს სასტუმროების სტრატეგიული განვითარების, გაყიდვებისა და ბიზნესპარტნიორობების მიმართულებით.