Vogue, Harper’s Bazaar, Zoe Magazine -ის ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს
აჭარას ბულგარეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან ცნობილი საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტები და ფოტოგრაფები სტუმრობდნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართული მედიატურის ფარგლებში, Vogue-ის, Harper’s Bazaar-ის, Zoe Magazine-ის, EVA Magazine-ისა და VOYAGE Magazine-ის წარმომადგენლებმა რეგიონში იმოგზაურეს. ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების გაცნობის შემდეგ, მედიატურის მონაწილეები მთიან აჭარას ესტუმრნენ და რეგიონის კულტურულ მემკვიდრეობას, ადგილობრივ ტრადიციებსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. საერთაშორისო მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ბათუმელი დიზაინერის, თაკო მექვაბიძის, ახალმა კოლექციამ, რომელიც აჭარული ტრადიციული ნაქარგობების ინსპირაციითაა შექმნილი. ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ღორჯომის ხეობაში ადგილობრივ საოჯახო სახლსაც ესტუმრნენ, სადაც აჭარული ნაქარგობები დაათვალიერეს და ტრადიციული ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. ღორჯომის შემდეგ ისინი კურორტ გოდერძის, მწვანე ტბისა და ალპური ბოტანიკური ბაღის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნენ. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეგიონზე მომზადებულ მასალებს მედიატურის მონაწილეები მკითხველს ეტაპობრივად გაუზიარებენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უცხოელი ინფლუენსერები რეგიონს ასევე სტუმრობდნენ საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. მათ მიერ მხოლოდ ერთ თვეში აჭარაზე გამოქვეყნებული კონტენტის ნახვებმა სოციალურ მედიაში 25 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ისინი რეგიონს ივნისში სტუმრობდნენ და მილიონობით გამომწერს აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას წლის ბოლომდე გააგრძელებს, როგორც საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში აჭარის წარდგენით, ისე მედიატურების ორგანიზებითა და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიებით.
სხვა სიახლეები
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა
17.09.2026.18:30
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა შაიხა ალ ნუვაისმა ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები, პერსპექტივები და საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოზიციონირების საკითხები.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში არსებული ბინზეს გარემო გააცნო.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორმა კორდულო ვოლმუთერმა კი მსოფლიო მასშტაბით ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ წარმოსაჩენად.
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ესპანეთში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაცის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და სხვადასხვა სასტუმროების წარმომადგენლები.