ვცდილობთ, 2024 წელი ავიაბაზრისთვის უფრო რეკორდული იყოს - მარიამ ქვრივიშვილი
ჩვენ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რომ 2024 წელი იყო უფრო რეკორდული ყველა პარამეტრებით ვიდრე ეს იყო 2023 წელს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველომ უკვე წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები Austrian Airlines--სთან და Transavia-სთან და გრძელდება ასევე მუშაობა ლონდონის მიმართულებით პირდაპირ ფრენების დაწყებაზე, ხოლო ჩინეთის მიმართულებით სიხშირეების და მიმართულებების დამატებაზე.
„2019 წლის მაჩვენებლები ჩვენ სრულად აღვადგინეთ 2023 წელს. სამი საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობით ჩვენ შევძელით და ვუმასპინძლეთ 6 მლნ-ზე მეტ მგზავრს. გარდა ამისა ჩვენი ძალისხმევით წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებებისა 2023 წელს ჩვენ ქვეყანაში შემოვიყვანეთ 10-ზე მეტი ავიაკომპანია და დავამატეთ ჩვენი ქვეყნის საავიაციო ბაზარს 23-ზე მეტი ახალი მიმართულება.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აქედან 10 არის ევროპული მიმართულება, რაც არის ჩვენი მთავარი ღირებულება, რომ უზრუნველვყოთ დივერსიფიცირება ავიაციის ინდუსტრიაში, ისევე როგორც ტურიზმის სექტორში. განსაკუთრებით თვალსაჩინოა რამხელა წვლილი აქვს საჰაერო გზით შემოსული ტურისტებს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის შემოსავლებში, რომელიც არის სრულად აღდგენილი და გაზრდილი. თუ ჩვენ დავაჯამებთ სპარსეთის ყურისა და ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტულ ნაკადებს, ისევე როგორც მათ დანახარჯებს.
განვაგრძობთ მოლაპარაკებებს პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რომ 2024 წელი იყოს უფრო რეკორდული ყველა პარამეტრებით ვიდრე 2023 წელი.
ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება ორ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან, როგორიცაა Austrian Airlines-ი, რომელიც დაიწყებს ფრენებს თბილისს და ვენას შორის და ასევე ავიაკომპანია Transavia, რომელიც ფრენებს შეასრულებს ამსტერდამსა და თბილისს შორის.
ასევე გაქვს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები პირდაპირი რეისების დაწყებაზე ლონდონის მიმართულებით ასვე გაქვს მოლაპარაკებები ჩინეთის მიმართულებით სიხშირეების და მიმართულებების ზრდაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის ხელისუფლებამაც მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეებისათვის გააუქმა სავიზო რეჟიმი, რასაც წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ ჩვენც გავაუქმეთ ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა 2023 წლის მონაცემები, სადაც წერია, რომ 2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.0-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.1- ჯერ აღემატება გასული 2022 წლის მაჩვენებელს.
2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 224.2 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 425.8 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წელთან შედარებით, შემცირდა როგორც გადატანილი ტვირთის (66.4 პროცენტით), ისე ტვირთბრუნვის (65.6 პროცენტით) მოცულობა.
2023 წელს საქართველოს აეროპორტები 6 005.7 ათას მგზავრს მოემსახურა1, რაც 34.8 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 2 987.4 ათასი მგზავრი (36.0 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3 018.3 ათასი მგზავრი (33.5 პროცენტით მეტი).
სხვა სიახლეები
ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და $695 მილიონი შეადგინა - Galt & Taggart
05.10.2026.08:10
Galt & Taggart-ი თვის განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშში მიმოხილულია მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები.
,,საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდა 2026 წლის აგვისტოში წლიურად 6.3%-მდე შენელდა, ივლისში დაფიქსირებული 8.0%-დან. მიუხედავად ამისა, 2026 წლის 8 თვის საშუალო ზრდა კვლავ მაღალი, 7.6%-ია. აგვისტოში ეკონომიკურ ზრდას ძირითადად ხელი შეუწყო დამამუშავებელმა მრეწველობამ, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა (ICT), ფინანსურმა მომსახურებებმა, უძრავი ქონების სექტორმა, ვაჭრობამ და ტრანსპორტმა, მაშინ როდესაც მშენებლობის სექტორში კლება დაფიქსირდა. ჩვენ ვინარჩუნებთ საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზს და 2026 წელს 7.5%-იან ზრდას ველით.
მომდევნო თვეებში გაცვლითი კურსის სტაბილურობას ველოდებით. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს კურსი საშუალოდ 2.65 GEL/USD იქნება.
2026 წლის 9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ზედიზედ მესამე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25%-ზე უცვლელად დატოვა. სებ-ის შეფასებით, ინფლაცია კვლავ ძირითადად მიწოდების მხრიდან მომდინარე ფაქტორებით არის განპირობებული, რაც ენერგომატარებლებისა და საერთაშორისო სურსათის ფასების ზრდას ასახავს, მაშინ როდესაც საბაზისო ინფლაციური წნეხი კვლავ შეზღუდულია. სებ-მა მიუთითა, რომ თუ აღნიშნული შოკი ინფლაციურ მოლოდინებზე ზეწოლას მოახდენს, შესაძლოა განაკვეთის ზომიერი ზრდა გახდეს საჭირო, ხოლო შოკის გავლენის შემცირების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზება დაიწყება. გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებისა და საპროცენტო განაკვეთის დიფერენციალის შესაბამის დონეზე შენარჩუნების აუცილებლობის გათვალისწინებით, 2026 წლის განმავლობაში 25 საბაზისო პუნქტით განაკვეთის ზრდის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ.
ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2026 წლის პირველ 8 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 1.6%-იანი ზრდაა. 2026 წელს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს 4.9 მლრდ აშშ დოლარის დონეზე ვპროგნოზირებთ.
საქართველოს მიმდინარე ანგარიშის (CA) დეფიციტი 2026 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა და მშპ-ის 2.5% შეადგინა. გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანა მიმდინარე ანგარიშის ყველა ძირითადმა კომპონენტმა.
ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 1.9%-ს შეადგენს", - აღნიშნულია ანგარიშში.