ზაფხულის თვეებზეც უკვე საკმაოდ ბევრი ჯავშანი გვაქვს მიღებული - Radisson RED Tbilisi
ბოლო კვირების განმავლობაში სასტუმროზე მოთხოვნა უპრეცედენტოდ გაზრდილია და Radisson RED Tbilisi 100%-იანი დატვირთულობით მუშაობს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Radisson RED Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელმა ბესო გოგინავამ განაცხადა. მისივე თქმით, ზაფხულის თვეებზე სასტუმროს მაგალითზე ჯავშნების რაოდენობა საკმაოდაა გაზრდილი.
„შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენთან სეზონი უკვე დაიწყო. ბოლო კვირებში მოთხოვნა Radisson RED-ზე გაზრდილია და სასტუმრო 100%-იანი დატვირთულობით მუშაობს. ზაფხულის თვეებზეც უკვე საკმაოდ ბევრი ჯავშანი გვაქვს მიღებული. სასტუმრო აქტიურად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, ვთანამშრომლობთ უცხოურ მედიასა და ინფლუენსერებთან. ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ციფრულ მარკეტინგს, რათა ნებისმიერი მოგზაურისთვის ყველგან ხელმისაწვდომი ვიყოთ და ვიყოთ დაჯავშნის პროცესი მათ მაქსიმალურად გავუმარტივოთ“, - აცხადებს ბესო გოგინავა.
Radisson RED Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე Radisson RED გლობალურ ბაზარზე ძალიან სწრაფად იზრდება, რაც ბრენდზე მზარდი მოთხოვნით არის განპირობებული.
„გეტყვით იმასაც, რომ Radisson RED Tbilisi მსოფლიოში RED ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმროა. ამ ეტაპზე, სტუმრების ყველაზე დიდი წილი არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან შემოდის. ზრდის ტენდენცია ფიქსირდება თურქეთიდან, ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან“, - ამბობს Radisson RED Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ქართულ ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას Radisson RED Tbilisi-ს მენეჯმენტი დიდი მნიშვნელობას ანიჭებს და ამბობს, რომ სტუმრების ზრდას სწორედ იმ ქვეყნებიდან ელოდებიან, საიდანაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეისები სრულდება და ემატება.
„ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა მთელი მასპინძლობის ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ველოდებით სტუმრების გაზრდას იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც აღნიშნული ავიაკომპანიები საქართველოს პირდაპირ დააკავშირებენ“, - ამბობს ბესო გოგინავა.
სხვა სიახლეები
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან სამუშაო შეხვედრა გამართა
16.07.2026.16:24
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში საქართველოს საავიაციო და ტურიზმის სექტორის საჯარო უწყებებისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა უმსხვილესი ჩინური ავიაგადამყვანის საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოსვლა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ უმნიშვნელოვანესი ბიძგი მისცა უვიზო რეჟიმის ამოქმედებას, ასევე ეკონომიკური - მათ შორის საავიაციო სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და ახალი ავიარეისების დამატებას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ China Eastern Airlines-ის პირველი რეისი მაქსიმალური - 98%-იანი დატვირთულობით შესრულდა. აღნიშნული პოზიტიური ტენდენცია ავიაკომპანიის მომდევნო ფრენებზეც იკვეთება, რაც ახალი მიმართულებით მგზავრთა მხრიდან მაღალ ინტერესსა და მოთხოვნაზე მიუთითებს. ამასთან, როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, შანხაი-თბილისის საჰაერო ხაზი წარმოადგენს ყველაზე შორი მანძილის რეგულარულ ფრენას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ პირველ გრძელმაგისტრალურ ავიარეისს თავად China Eastern Airlines-ისთვის კავკასიის რეგიონში. მხარეთა შეფასებით, აღნიშნული ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
საქართველო-ჩინეთის საჰაერო მიმოსვლის პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, მხარეებმა შანხაი - თბილისი - შანხაის საჰაერო ხაზზე ოპერირების შემდგომი ზრდის შესაძლებლობები განიხილეს და შესაბამისი ორმხრივი ღონისძიებები დასახეს. აღინიშნა, რომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ დადგენილი ბაზარზე დაშვების მოქნილი პროცედურები, ასევე ქართული მხარის მიერ ტურისტების მოზიდვის მიზნით შეთავაზებული ხელშემწყობი აქტივობები საჰაერო მიმოსვლის შემდგომი გაფართოების მყარ წინაპირობას ქმნის.
სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მოისმინა ავიაკომპანიის სამომავლო გეგმებიც, რაც, საჰაერო ხომალდების ფლოტის ზრდასთან ერთად, საოპერაციო შესაძლებლობების გაძლიერებასა და ფრენების სიხშირის კიდევ უფრო გაზრდას ითვალისწინებს.