20-დღიანი შეთავაზებები Wizz Air-ისგან
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად მდგრადი ავიაკომპანია, რომელმაც 20 წლის წინ, ევროკავშირის ისტორიული გაფართოების შემდეგ, ქალაქ კატოვიცედან პირველი ფრენა განახორციელა, ავიაციის ინდუსტრიის მთავარ მოთამაშედ იქცა, რომელიც ხალხს მთელს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ აკავშირებს.
2004 წელს, მას შემდეგ რაც ევროკავშირს ათი ახალი წევრი სახელმწიფო, მათ შორის უნგრეთი შეუერთდა, Wizz Air გახდა პროგრესისა და შესაძლებლობების სიმბოლო. ავიაკომპანიამ მიიღო უნგრეთის საჰაერო ოპერატორის სერთიფიკატი (AOC), რამაც საფუძველი ჩაუყარა ტრანსფორმაციულ მოგზაურობას. ევროკავშირის გაფართოებით Wizz Air-მა მოიპოვა წვდომა უფრო ფართო ბაზარზე, რამაც მას შეუფერხებელი მოგზაურობისა და თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა მისცა აღმოსავლეთ ევროპაში.
Wizz Air-ის ვალდებულება საჰაერო კავშირისადმი ურყევი იყო. დაარსების დღიდან ავიაკომპანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ევროპის ქვეყნების ერთმანეთთან დაახლოებაში. Wizz Air-ის პირდაპირი ფრენები ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ 800 მარშრუტამდე გაიზარდა. კავშირის ამ განვითარებამ ხელი შეუწყო არა მარტო მოგზაურობის გამარტივებას, არამედ ეკონომიკურ ზრდასაც. 2004 წლიდან 2024 წლამდე, Wizz Air-ის მგზავრების რაოდენობა 200 მილიონით გაიზარდა.
Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯოზეფ ვარადი:
“დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ევროპულ ეტაპს, რომელიც 2004 წლის გაფართოების შემდეგ დაიწყო. ავიაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირის ღირებულებების – გადაადგილების თავისუფლებისა და სერვისების მიწოდების თავისუფლების რეალიზებაში. Wizz Air-ის ზრდამ გააძლიერა კავშირის სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურა. ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირის გაფართოების შემდეგ ტალღას, რომელიც დამყარებული იქნება ამ მემკვიდრეობაზე. Wizz Air-ი რჩება ხალხის დაკავშირების, ავიაციის დეკარბონიზაციისა და ევროპის საერთო კეთილდღეობის ერთგული. ავიაკომპანია მადლობას უხდის ევროკავშირს ისეთი გარემოს შექმნისთვის, სადაც ოცნებებს შეუძლიათ ფრენა.”
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 207 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 60.3 მილიონი მგზავრისთვის 2023 წელს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. Wizz Air-ი ATW-ის მიერ 2020 წელს, ხოლო ATA-ის მიერ 2019 და 2023 წლებში დასახელდა „წლის ავიაკომპანიად“. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „წლის გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-ის მიერ 2022-2023 წლებში.
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.