ახალგაზრდული ყაზახეთს უმასპინძლებს, ახალი ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრებიც ტესტ-მატჩს გამართავს
საქართველოს 21-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 6 ივნისს, საერთაშორისო ამხანაგური მატჩის ეგიდით ყაზახეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
რამაზ სვანაძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც გუნდს, უმნიშვნელოვანესი მატჩები შემოდგომაზე ელის.
პარალელურ რეჟიმში, თბილისში ახალი ფორმაციის 20-წლამდელთა ნაკრებიც შეიკრიბება, რომელიც 8 ივნისს, ასევე ყაზახ თანატოლებს ტესტ-მატჩში დაუპირისპირდება. გუნდებს შორის შეთანხმების თანახმად, ორივე ნაკრებს, 21-წლამდე გუნდიდან 3 მოთამაშის დამატების უფლება ექნება.
21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რამაზ სვანაძე მისი სამწვრთნელო შტაბის წევრთან, ფიზ. მომზადების მწვრთნელთან, ბონდო გოცირიძესთან ერთად, 6 ივნისს, თბილისში გამართული მატჩის შემდეგ, ავსტრიაში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის, ეროვნული ნაკრების მოსამზადებელ ეტაპს შეუერთდება.
20-წლამდელთა ნაკრებს, 8 ივნისს, რამაზ სვანაძის თანაშემწე, გიორგი ადამია უხელმძღვანელებს.
6 ივნისს გასამართი მატჩი, 19:00 საათზე დაიწყება. ხოლო 8 ივნისს ჩანიშნული შეხვედრა 17:00 საათზე - ორივე მატჩს თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
ალექსანდრე იაშვილი: “რამაზ სვანაძე მისი გუნდის წევრთან, ბონდო გოცირიძესთან ერთად 2022 წელს, ერთა ლიგის მატჩების პერიოდშიც ეროვნული გუნდის საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდა - ვფიქრობთ, რომ ეს პრაქტიკა ევროპის ჩემპიონატზეც ვილის სამწვრთნელო შტაბს გააძლიერებს.
ჩვენი საშეჯიბრო პროცესის და ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომ მწვრთნელებს შორის იყოს მუდმივი კომუნიკაცია, რაც ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის დიდი გამოცდილებაა და გარდა ამისა, სამწვრთნელო შტაბებს შორის ასეთი დამოკიდებულება, ერთი ასაკობრივიდან მეორეში, ან ახალგაზრდულიდან ეროვნულ გუნდში მოთამაშეთა ტრანზიციის პროცესს ძალიან ხელს უწყობს, რაც საბოლოოდ იმ წარმატებულ მაგალითებში აისახება რისი ტენდენციაც გვაქვს ბოლო წლებში ამ მიმართულებით.”
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.