დღესდღეობით, ადგილწარმოშობის დასახელების სახით რეგისტრირებული „მუკუზანი“ საუკეთესოა წითელ ღვინოებს შორის
მუკუზანის ჩამოყალიბებამ დაასწრო რუსული წყობილების შემოსვლას საქართველოში. როგორც საქპატენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მუკუზანის ღვინო ჯერ კიდევ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა, როდესაც წინანდლის მამულები და ვენახები ჭავჭავაძეების ხელში იყო და ფრანგი მეღვინეები კონსულტაციას უწევდნენ გარსევან და ალექსანდრე ჭავჭავაძეებს, თუ როგორ უნდა გაშენებულიყო ვენახები, რა მნიშვნელობა ჰქონდა სწორ დეკორაციას, ინჟინერიას და ა. შ. წინანდლის მამულის პარალელურად, იგივე პროექტით გაშენდა ღვინის მარნები მიმდებარე სოფლებში და, მათ შორის, მუკუზანში.
1888 წელს ჩამოისხა ღვინო „მუკუზანი“. სულ რამდენიმე წელიწადში კი ღვინის წარმოება გადავიდა რუსეთის დაქვემდებარებაში, მათ შორის, მუკუზანიც.
მეორე მსოფლიო ომი უკვე კარგა ხნის დამთავრებული იყო, როდესაც „სამტრესტის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ქართული ღვინოების უნიფიცირება. 1950 წელს მოიწვიეს 11 ცნობილი მეღვინე, შექმნეს სადეგუსტაციო კომისია და ჩაატარეს საფუძვლიანი სამუშაოები. შეაფასეს ღვინოები და გამოარჩიეს 30 დასახელების სუფრის ღვინო. ამ სიაში მოხვდა „მუკუზანი“. აღიარებამ ღვინოს მეტი პოპულარობა შესძინა, მთელ საბჭოთა კავშირში გაითქვა მან სახელი და დაიმსახურა 13 საერთაშორისო მედალი. მათ შორის, 8 ოქრო და 4 ვერცხლი.
დღესდღეობით, ადგილწარმოშობის დასახელების სახით რეგისტრირებული „მუკუზანი“ ერთ-ერთი საუკეთესოა წითელ ღვინოებს შორის.
„მუკუზანი“ წითელი მშრალი ღვინოა. აქვს მუქი ბროწეულისფერი, მუქი წითელი შეფერილობა. უზადო, გემოზე სავსე, ექსტრაქტული, ხავერდოვანი და ჰარმონიული გემო, გეოგრაფიული ადგილის ჯიშური არომატი და დავარგების დროს განვითარებული ბუკეტი მკვეთრად გამოხატული ხილის ტონებით.
ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11%-ზე ნაკლები, საერთო მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა აჭარბებდეს 15%-ს, ხოლო შაქრიანობა არ უნდა სცდებოდეს 4 გ/ლ-ს.
რამდენადაც გამორჩეულია ღვინო „მუკუზანი“, იმდენად ვიწროა მისი მიკროზონის არეალი და ლავირების საშუალება დამზადების დროს.
„მუკუზანის“ დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძენი და დაუშვებელია მასში სხვა ჯიშების შერევა. ნაყოფი აუცილებლად უნდა იყოს მწიფე, არანაკლებ 19%-იანი შაქრის შემცველობით. საღვინე ყურძენი კი აუცილებლად უნდა იყოს დაკრეფილი კონკრეტულ მიკროზონაში, რომელიც მოიცავს რამდენიმე სოფელს: ჩუმლაყს, ახაშენს, ზეგაანს, მუკუზანს, ველისციხეს, ვაზისუბანს, შაშიანს, კალაურას, ვაჩნაძიანს და კახიფარს.
ამ სოფლებში არის თიხნარიანი ნიადაგი, საფარს აქვს რელიეფური, დახრილი ფორმები, ქანები გაჯერებულია კარბონატების მაღალი შემცველობით და საერთო კლიმატურ პირობებთან ერთად, ეს თვისებები განაპირობებს „მუკუზანის“ მაღალ ხარისხს.
ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება „მუკუზანი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2005 წლის 30 აგვისტოს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.