ქართული კალათბურთი – 2023 წლის შეჯამება
გიზიარებთ ბლოგს: ქართულ საკალათბურთო სამყაროში 2023 წელს ბევრი საინტერესო და ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენა მოხდა – მათ შორის მთავარი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დასრულება და შემდეგ ქართული კალათბურთის არსებობის განმავლობაში პირველად თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე.
გვახსოვს, შარშანდელი ზაფხული, როდესაც ევრობასკეტის მასპინძლები ვიყავით ამჯერადაც არსებობის განმავლობაში პირველად – თბილისში გამართული მძიმე შეხვედრები და ძალიან დასანანი შედეგი, როდესაც ჯგუფიდან გასვლა ვერ მოვახერხეთ. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები ცუდი ევრობასკეტის შემდეგ მთლიანად გადაერთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და საბოლოოდ ძალიან დრამატულ ბრძოლასა და ძალიან დაძაბული მატჩების ფონზე:
6-გუნდიანი L ჯგუფი, რომელშიც მესამე ადგილი დავიკავეთ; სამ-სამი ქულით გაგვასწრო იტალიისა და ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებებმა, ჩვენ კი დრამატულ ორთაბრძოლაში ერთი ქულით გავასწარით მეხუთეადგილოსან უკრაინას და ბოლო თბილისურ მატჩში, რომელშიც 3 ქულით დავმარცხდით კიდეც ისლანდიასთან (77 – 80), თუმცა ურთიერთშეხვედრებში უკეთესი ბურთების შეფარდების წყალობით (რომელიც ასევე მინიმალური იყო) მოვახერხეთ და ყველაზე მასშტაბურ საკალათბურთო ფორუმზე გავედით. თუკი ისტორიულ ტრიუმფსა და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაზეა საუბარი, სწორედ ასე დრამატულად და ბოლო წამს მინიმალური ქულათა სხვაობით უნდა ხდებოდეს, ეს ამბავი სამუდამოდ დარჩება კალათბურთის ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში, როგორც ბევრი ბრძოლისა და ცოტა იღბლის შედეგი.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი, რომელმაც, ფაქტობრივად, ყველა შეხვედრაში ულიდერა გუნდს ქულებითა და ყველა იმ სათამაშო თუ არასათამაშო თვისებით, რაც მას გამოარჩევს ქართულ და, ზოგადად, ევროპულ კალათბურთში. ასევე თავდადებულად იასპარეზა ჩვენი ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამაც, რომელმაც მიუხედავად ურთულესი ცხრილისა, დატვირთული საკლუბო გრაფიკისა, მაინც მოახერხა ჩვენი ნაკრების ბოლომდე დახმარება. აქვე აღვნიშნოთ, რომ 2023 წლის ბოლოს თოკო საუკეთესო ფორმაში შევიდა და იტალიურ ვირტუს ბოლონიას ერთპიროვნულ ლიდერად ჩამოყალიბდა (გახდა ევროლიგის რამდენიმე მატჩის MVP – გუნდი კი 7 მოგებითა და 3 მარცხით ცხრილში მესამე ადგილს იკავებს, ჩამორჩება მადრიდის რეალსა და კატალონიის ბარსელონას).
ცვალებადი ფორმით შევხვდით მსოფლიო ჩემპიონატს, რომლის მოსამზადებელ ეტაპზე 7 ამხანაგური მატჩიდან მხოლოდ 3-ში გავიმარჯვეთ (მაგალითად, დავამარცხეთ ძლიერი მონტენეგროს ნაკრები, თუმცა დავმარცხდით არც თუ ძლიერ ეგვიპტესთან) – საბოლოოდ ეს ცვალებადი ფორმა დიდად არ ასახულა უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობისას, რადგანაც მოვიგეთ ის მატჩები, რისი მოგების გეგმაც წინასწარ არსებობდა (დამაჯერებლად დავამარცხეთ კაბო-ვერდეს და ვენესუელას ნაკრებები), თუმცა დავმარცხდით სამ ძლიერ ნაკრებთან: სლოვენიასთან, ავსტრალიასთან და გერმანიასთან, რომელიც საბოლოოდ ტურნირის გამარჯვებულიც გახდა. ნებისმიერ შემთხვევაში, უფრო მეტი მოლოდინი არსებობდა, თუმცა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მეტოქეების გაცილებით უკეთესი ფორმითა და ტურნირამდე გამოვლილი ცუდი პერიოდის ფონზე – დებიუტანტებმა მოვიგეთ ორი მატჩი და მოვხვდით მსოფლიოს 16 საუკეთესო ქვეყანაში.
შარშან ევრობასკეტის მასპინძლობა და წელს მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი – ესაა ის ორი მოვლენა, რომელიც აუცილებლად გამოცდილებად უნდა აღვიქვათ და გამოვიყენოთ მომავალშიც. რაც შეეხება მომავალს, აქ უნდა ვახსენოთ ჩვენი ორი ელჩი ამერიკულ საკალათბურთო ლიგაში, ორი ქართველი კალათბურთელი NBA-ში: გოგა ბითაძე (ორლანდო მეჯიქი) და სანდრო მამუკელაშვილი (სან ანტონიო სპერსი). განსაკუთრებით კარგი პერიოდი აქვს გოგა ბითაძეს, რომელიც კარგად იყენებს ყველა შანსს და მაქსიმალურად იხარჯება პარკეტზე, შედეგად, მასზე გაცემულ 20+ წუთში ბრწყინვალე სტატისტიკას დებს, საოცრად კარგია დაცვაში და შეტევაშიც თამაშობს ძალიან სწორ კალათბურთს. რაც შეეხება სანდროს, ის, ფაქტობრივად, ხელახლა შექმნილ გუნდშია, სადაც ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩი ახალ პროექტს აშენებს და უნდა ვიმედოვნოთ, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) კალათბურთის მწვრთნელი საკუთარ გეგმებში მამუსაც მოუნახავს მნიშვნელოვან როლს – ყველამ ვიცით, რომ ამისთვის საკმარისი ტალანტი და შრომისუნარიანობა სანდროს ნამდვილად აქვს.
ძალიან საინტერესოა, რა იქნება მომავალში – არსებობს რესურსი და ნიჭი იმისთვის, რომ შეიქმნას საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ახალი სიცოცხლე, რომელიც დიდ გამოცდილებაზე იქნება დამყარებული. 2024 წლის 23 თებერვალს დაიწყება მომდევნო ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი, გასვლაზე დავუპირისპირდებით დანიის ეროვნულ ნაკრებს – ყველაფერი წინ არის.
ავტორი: გიორგი ყორღანაშვილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
სხვა სიახლეები
FED-ის მიერ განაკვეთის შემცირების მოლოდინი გაიზარდა
30.08.2025.12:00
ფედერალური რეზერვის ყოველწლიურ „ჯექსონ ჰოულის“ შეკრებაზე თავმჯდომარე ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლამ გაზარდა მოლოდინები, რომ „რისკების ცვალებადი ბალანსიდან“ გამომდინარე ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთები შეამციროს.
განცხადებამ აქციებისა და ობლიგაციების ფასების ზრდა გამოიწვია – S&P 500 მაჩვენებელი დღიურად 1.63%-ით გაიზარდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი დღიური ზრდაა, ხოლო სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში 10-წლიანი ობლიგაციის შემოსავლიანობა 7.5 საბაზო პუნქტით 4.256%-მდე, 2 წლიანი კი 10 საბაზო პუნქტით 3.69%-მდე შემცირდა.
ფედერალური რეზერვის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეკონომიკური სურათი უჩვეულოდ ბუნდოვანია. ერთის მხრივ, უმუშევრობა ისტორიულად დაბალ დონეზე – 4.2%-ზე რჩება, თუმცა დასაქმების ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა – ივლისში 73 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაშინ როცა მოსალოდნელი რიცხვი 110 000 იყო. პაუელმა შრომის ბაზრის დღევანდელი მდგომარეობა “საინტერესოდ“ შეაფასა, რადგან ერთდროულად იკლებს როგორც სამუშაო ძალის მოთხოვნა, ასევე მიწოდება.
მეორეს მხრივ, ინფლაცია კვლავაც მცირედით აღემატება FED-ის 2%-იან მიზანს, ხოლო პრეზიდენტი ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები უახლოეს თვეებში ფასების დამატებით ზრდის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა ჯერჯერობით ზარალის ნაწილი საკუთარ თავზე აიღეს, პაუელმა აღნიშნა, რომ უფრო მდგრადი ფასების ზრდა შესაძლოა უკვე წლის ბოლოსკენ გამოიკვეთოს.
პაუელმა ხაზი გაუსვა FED-ის „ორმაგ მანდატს“ – მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ივლისში განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა განსხვავებული აზრები, ხოლო პაუელმა მიანიშნა, რომ სექტემბრის შეხვედრამაც შესაძლოა დებატების ფონზე ჩაიაროს, რადგან ფედერალური რეზერვი განაკვეთის შემცირებასა და ინფლაციის რისკს შორის ბალანსს ეძებს.
ფინანსურმა ბაზრებმა პაუელის კომენტარები პოზიტიურად მიიღეს. ინვესტორებმა მისი განცხადებები სექტემბერში განაკვეთის შემცირების პირდაპირ მინიშნებად შეაფასეს. თუმცა ძირითადი მესიჯი უფრო ფრთხილი იყო: FED-ის არჩევანი კვლავ გაურკვეველია და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული.
პაუელის სიტყვას პოლიტიკური ელფერიც ჰქონდა. მისი უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, ამასთანავე თეთრი სახლი FED-ის საბჭოში ახალ კანდიდატურებს აწინაურებს, რაც ანალიტიკოსების აზრით ინსტიტუტის მომავალ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს.
პაუელმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის ქმედებები მხოლოდ ეკონომიკურ მონაცემებზე იქნება დამყარებული და არა პოლიტიკურ ზეწოლაზე.
განხილულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შეეხებოდა ფედერალური რეზერვის განახლებულ სტრატეგიას. FED-მა უარი თქვა 2020 წელს მიღებულ „გამოსწორების სტრატეგიაზე“, რომელიც მიზნად ისახავდა ინფლაციის გარკვეული ხნით 2%-იან მაჩვენებელს ზემოთ შენარჩუნებას. ახალი მიდგომა ისევ ტრადიციულ ორიენტაციას უბრუნდება: მაქსიმალური დასაქმება და ფასების სტაბილურობა. ეს ცვლილება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარეობს, როდესაც ინფლაცია ხშირად მაღალი იყო და ეკონომიკური ზრდა — მერყევი. შედეგად, პოლიტიკის შემქმნელ პირებს უფრო მკაფიო მიმართულებები მიეცათ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად.